"ეს არის ერთგვარი ქარიშხალი ჭიქაში, არაფერი არ ხდება ცუდი, პირიქით, ყველაფერი წარიმართება კარგად"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მუშაობა მინიმუმ ოთხი თვე გაგრძელდება, რაც ჯანსაღი პროცესია.
რაც შეეხება მმართველი გუნდის ერთიანობას - საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი ერთის მხრივ ამბობს, რომ ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა იქვე განმარტავს, რომ "თუ ვინმე სუბიექტური ინტერესით იმოქმედებს", ამ დეპუტატებთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიშვას "გარკვეული საკითხები".
"ვმუშაობთ პროცედურაზე, კრიტერიუმებზე - ეს კანონპროექტი და ინიციატორი სუბიექტები არ არის გუნდის ასე დაყოფის საფუძველი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სასამართლოსთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი პოზიცია, რომელიც ესაჭიროება ქვეყანას და ეს პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს სუბიექტური ინტერესების გარეშე, ეს არის მთავარი, ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო თვეების განმავლობაში, როგორც მოგეხსენებათ ჯერ გვაქვს მისაღები კანონი, რომლის მიღებასაც დასჭირდება მინიმუმ ერთი და შეიძლება ორი თვეც, ამის შემდეგ თვითონ კანდიდატების წარდგენასა და მათ განხილვას დასჭირდება ორი თვე, ანუ საუბარია ოთხთვიან ჯანსაღ პროცესზე.
გუნდი არის ერთიანი, თუ ვინმე ერთი ორი და სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს ამ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები. რაც შეეხება გუნდის ერთიანობას ამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება"-ამბობს კობახიძე.