19 აპრილი 2019,   11:22
ვრცლად
მე ვიცი, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარეს, იმიტომ, რომ ის არის გუნდის ლიდერი - ირაკლი კობახიძე "ოცნებაში" მიმდინარე დაპირისპირებაზე

„მე ვიცი, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარეს, იმიტომ, რომ ის არის გუნდის ლიდერი,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ოცნებაში“ არსებული დაპირისპირების შეფასებისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, თუ ვის მხარეს არის დღეს მიმდინარე მწვავე დაპირისპირების დროს ბიძინა ივანიშვილი, აღნიშნა, რომ თავად არის ივანიშვილის მხარეს.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ დაშლა არ ემუქრება. მისივე თქმით, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება, კანონმდებლობის მიღება, დაახლოებით, 4 თვეს გაგრძელდება, რაშიც ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული.

„არის ერთგვარი ქარიშხალი ჭიქაში, არაფერი არ ხდება ცული, პირიქით, ყველაფერი წარიმართება კარგად. რაც შეეხება, ქართული ოცნების დაშლას, ამის საფრთხე არ არსებობს. ჯერ გვაქვს მისაღები კანონი, ამ კანონის მიღებას დასჭირდება მინიმუმ ერთი თვე და შეიძლება ორი თვეც, ამის შემდეგ თვითონ ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, თვითონ კანდიდატების წარდგენას, განხილვას და მათ არჩევას დასჭირდება, დაახლოებით, ორი თვე, ანუ საუბარია, 4-თვიან ძალიან ჯანსაღ, სტრუქტურირებულ პროცესზე და ამ პროცესს ყველა ერთად უნდა დავაკვირდეთ, ამ პროცესის მონაწილე უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი,“ - ამბობს კობახიძე.

რაც შეეხება დაპირისპირებულ დეპუტატებს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათ შემთხვევებს ინდივიდუალურად განიხილავენ.

„გუნდი არის ერთიანი, თუ ვინმე, ერთი-ორი, სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერსებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები,“ - ამბობს კობახიძე.

დღის ამბები