25 აპრილი 2024,   14:30
ვრცლად
ჩვენი მოდელით, პენსია იქნება 576 ლარი - "ევროპული საქართველო" დაგროვებითი საპენსიო სისტემის შეჩერებას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა დღეს მოქმედი დაგროვებითი საპენსიო სისტემის საერთოდ შეჩერებას ითხოვს. მათი განცხადებით, ეს არ არის მოდელი, რომელიც ღირსეულ პენსიას უზრუნველყოფს.

"ფაქტია, რომ ეს არ არის ის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ პენსიას, მაშინ, როდესაც ეს პენსიები იქნება გაცემული, ანუ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მაგალითად მასწავლებელი ქალი, რომელიც ხუთას ლარს იღებს დღეს ხელფასს, მხოლოდ და მხოლოდ 80 ლარს მიიღებს პენსიის სახით. ეს ნამდვილად არ არის ღირსეული პენსია. არ არის გარკვეული სად მოხვდება საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხების დაბანდება. ჯერ არ არის შექმნილი საინვესტიციო საბჭო. საპენსიო სააგენტო შეიქმნა მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა მიიღოს რამდენიმე ათას ლარიანი, ძალიან მაღალი ხელფასი,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა  გულისხმობს საშემოსავლო გადასახადის ხარჯზე საპენსიო დანაზოგის გაკეთებას, რაც ღირსეული სიბერის გარანტი იქნება.

„ ჩვენი მოდელით ის აიღებს 576 ლარს, რაც მნიშვნელოვანი სხვაობაა და რაც მართლა იძლევა ღირსეულ სიბერეს და ჩვენი მოდელი ამას უზრუნველყოფს იმით, რომ საშუალებას აძლევს ადამიანებს ნებაყოფლობით და არა ძალდატანებით, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, ნებაყოფლობით ჩაერთოს სქემაში და რაც მთავარია, თავისი საპენსიო დანაზოგისთვის, თავისი ღირსეული სიბერისთვის გამოიყენოს საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, რომელიც დღეს „ ქართული ოცნების „ ხარბ და გაუმაძღარ მთავრობას მიაქვს ბიუჯეტში და უყაირათოდ ფლანგავს,”-აცხადებს ჭიაბერაშვილი.

პარლამენტი ამ წუთებში საპენსიო რეფორმაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას განიხილავს.

დღის ამბები