25 აპრილი 2024,   07:47
ვრცლად
პოლიტიკურ გუნდში არ არის დაპირისპირება, ეს არის აზრთა სხვადასხვაობა - დიმიტრი ცქიტიშვილი

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას უარყოფს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი.

დეპუტატი თანაგუნდელების მხრიდან გამოთქმულ ურთიერთბრალდებებს მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირებს და ამტკიცებს, რომ ეს დაპირისპირების მაჩვენებელი არ არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით გადადებას ითვალისწინებს პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

დეპუტატი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გუნდში საერთო შეხედულების ჩამოყალიბების შემდეგ დააფიქსირებს.

„მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება გარკვეულ იურისტებს ჰქონდეთ ერთი შეხედულება ამაზე, რომ არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, მეორე იურისტებს შეიძლება ჰქონდეთ, რომ არის და შეესაბამება კონსტიტუციას, როგორც გარდამავალი დებულება და დროებითი მოცემულობა, ამიტომ, ძალიან სადაოა. მე თავს შევიკავებ მანამდე, სანამ არ იქნება მყარი ექსპერტული დასკვნა, მყარი, შეჯერებული ჩვენს გუნდში. პოლიტიკურ გუნდში არ არის დაპირისპირება, ეს არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს არის ძალიან ობიექტური, ადეკვატური იმ მდგომარეობის და იმ მრავალფეროვანი პარტიის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის დეპუტატების ინიციატივა, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს და პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადავადებას გულისხმობს, კატეგორიულად მიუღებელია.

ინიციატივის ავტორი ეკა ბესელიაა, ცვლილებების პროექტს ხელს 9 დეპუტატი აწერს. 

დღის ამბები