19 აპრილი 2024,   03:10
ვრცლად
"ბიძინას მიშას დაბრუნების შიში რომ აქვს, ეს აბსოლუტურად გასაგებია" - ნოდარ ხარშილაძე ლიეჟის მოვლენებს ეხმაურება

ისტერიული შიში მიხეილ სააკაშვილის მიმართ - ასეთია საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის შეფასება, გუშინ ლიეჟში განვითარებული მოვლენების მიმართ. ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება არის ისტერიკაში და მისი ქმედებაში ეს კარგად ჩანს. ექსპერტის აზრით, ლიეჟში დესანტის გადასხმით და მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრის ჩაშლის მცდელობით "ოცნება" შეეცადა ბიძინა ივანიშვილისთვის თავი მოეწონებინა.

„ის ყველაფერი რაც მეორე ტუში ვიხილეთ, ის უკიდურესი ნეგატივი და ის ბანერები და ის თავდასხმა პიროვნული თუ პოლიტიკური ამის პირდაპირი გაგრძელებაა ლიეჟში. და მისი გარემოცვის რაღაც ნაწილი ამაში ფულს ართმევს ბიძინას და მერე ეტრაბახებიან რომ აი რა მაგრა მივჯირყვნეთ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები. რა თქმა უნდა ეს არის ის, რომ მისი ეშინიათ კიდევაც. ბიძინას მიშას დაბრუნების შიში, რომ აქვს ეს აბსოლუტურად გასაგებია. და მეორე ის არის რომ თვითონაც ხვდებიან გულის სიღრმეში, რომ ეს ყველაფერი მთავრდება  ნელა- ნელა და ეს არის ისტერიკა. ანუ ისტერიკა გამოიხატება სხვადასხვა რამეებში  სხვადასხვანაირად. ეს შეიძლება იყოს ლიეჟში ჩასვლა და ყვირილი ან შეიძლება იყოს თბილისის  ძალიან კოლორიტული მერის ძალიან კოლორიტული განცხადება. ეს  ყველაფერი არის ფროიდულად პიროვნული კრიზისის ნაწილი,“-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ექსპერტი ლიეჟთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მომხდარი ენმ-ს თავი წამოყოფის მცდელობა იყო. ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე უკვე დიდი ხანია არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს.

"ჩემი აზრით პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ ეთერში გადავიდა სხვა განზომილებაში და დიდი ხანია უკვე  ჩვენთან ერთად აღარ არის  მენტალურად ყოველ შემთხვევაში. ასე, რომ განცხადებებს, რომელიც გამოირჩევა უკიდურესად აგრესიული და ხშირად ლოგიკამოკლებული აზრებით მე არ მივაქცევდი ყურადღებას,"-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან ინციდენტებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილი ჰქონდა დარბაზში შეჭრის მცდელობებს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ პირებმა ვინც შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. შეხვედრის მონაწილეებმა დარბაზიდან ახალგაზრდა მამაკაციც გამოიყვანეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის წყლით სავსე ბოთლის სროლას აპირებდა.

დღის ამბები