19 აპრილი 2024,   15:57
ვრცლად
სამართალდამცველებმა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს  

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ 5-ვე პირი 11 თებერვალს თბილისში აიყვანა. 

საგამოძიებო უწყების ცნობით, 27 იანვარს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქე მ.კ.-სა და ბიზნესმენ ჯ.მ.-ს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული შეკრება“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს წევრები. 

ამავე შეკრებაში, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ჩაერთო 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე), რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება ქურდული წესებით გადაწყვიტა. ინტერპოლით ძებნილ ქართველ ე.წ. "კანონიერ ქურდ" სულხან ჯაფარიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დაიწყო. 

 

დღის ამბები