23 ოქტომბერი 2019,   07:51
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საბავშვო ბაღების საკვებით უზრუნველყოფის ხარვეზებზე საუბრობს

ოპოზიცია თბილისის საბავშვო ბაღების საკვებით უზრუნველყოფის ხარვეზებზე საუბრობს.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის თქმით, დღეს რამდენიმე საბავშვო ბაღში რძის პროდუქტები დაგვიანებით შევიდა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიუხედავად საკვებზე გაზრდილი ფასებისა, არ გაზრდილა ბავშვების დღიურ რაციონზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, რომელიც შეადგენს 3 ლარსა და 24 თეთრს. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ აღსაზრდელების კვება არასრულყოფილად ხდება.

„ფაქტია, რომ კალაძე და მერია ვერ ართმევს პასუხისმგებლობას თავს, რომელიც ეხება ბაღებით კვებით მომსახურეობას და საუბარია 60 ათასი ბავშვის კვების მომსახურეობას და სადაც უამრავი პრობლემაა მათ შორის აი ახლა დღეს 117-ე ბაღში ვიმყოფებით, სადაც ხაჭოს და არაჟნის პრობლემაა და ვერაფრით ვერ წარმოადგინეს დოკუმენტი მიღება ჩაბარების აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ დღეს 167 ბავშვისთვის მიიღეს არაჟანი და ხაჭო. მაგალითად არაჟნის და ხაჭოს პრობლემა დღეს დედაქალაქის 80%-ის ბაღებს აწუხებს, ანუ იმ ბაღებს, რომლებსაც მარაგი არ აქვთ შენახული იმიტომ, რომ დღეს ფაქტობრივად უჭირს კომპანიას ამ ასე ვთქვათ რძის პროდუქტის მიწოდება.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ბრალდებებს დღეს სააგენტოდან უპასუხეს და პრეტენზიებს უსაფუძვლო უწოდეს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის თქმით რძის ნაწარმი პატარებმა დროულად მიიღეს, რადგანაც ბაღებს გააჩნიათ საკვები პროდუქტების ე.წ. ნაშთი ანუ მარაგი.

„ბაღებს, რომელსაც აქვთ ე.წ. ნაშთი ანუ მარაგები, მათ არ სჭირდებათ მიწოდება იმ დღესვე, აქედან გამომდინარე შესაძლებელია არსებობდეს ბაღები, სადაც ეს მარაგები აქვთ და დღეს არ მიიღებენ, თუმცა რაც შეეხება ბავშვების მომსახურეობას საკვები პროდუქტებით, აბსოლუტურად ყველა პროდუქტით არის უზრუნველყოფილი ნებისმიერი ბაღი, შეგიძლიათ თავად მოგვმართოთ და გიპასუხებთ ამის შესახებ,“ - განმარტა კახა გვანცელაძემ.

ბაგა-ბაღის თანამშრომლების თქმით, ბავშვებისთვის განკუთვნილი ხაჭო და არაჟანი საღამომდე შემოვა და სამხარისთვის უკვე შეძლებენ ბავშვებისთვის რძის პროდუქტის მიწოდებას.

 

დღის ამბები