25 აპრილი 2024,   03:57
ვრცლად
კიდევ ერთი ხმაურიანი ცვლილება - ერთიანი ეროვნული გამოცდები შეიძლება, რადიკალურად შეიცვალოს   

ერთიანი ეროვნული გამოცდები შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს - საატესტატო გამოცდების გაუქმებისა და ზოგადი უნარების არჩევით საგნებში გადატანის შემდეგ, განათლების სამინისტრო კიდევ ერთ ხმაურიან ცვლილებას ამზადებს.

კერძოდ, 2023-24 წლიდან, არ არის გამორიცხული, ერთიანი ეროვნული გამოცდები არა სხვადასხვა საგნებში ჩააბარონ აბიტურიენტებმა, არამედ ჩააბარონ მხოლოდ ერთი, კომბინირებული გამოცდა,  რომელიც საგნის ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობას წარმოადგენს. ამის შემდეგ, უკვე სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა უნივერსიტეტებს დაეკისრებათ. 

როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, ამ ცვლილებას საფუძვლად კვლევა დაედო, რომლის განხილვაც დღეს გაიმართა. კვლევაში საუბარი იყო CAT-ის გამოცდების გაუქმებაზე და ასევე უნარ-ჩვევების გამოცდის არასავალდებულო საგნად გადატანაზე.   

„იყოს ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა მომავალში, დავუშვათ, რომელიც არის საგანი და უნარი კომბინირებული და ამის გარდა, არსებობდეს სამოტივაციო წერილი, პროექტები სხვადასხვა წყაროები, რის მიხედვითაც უნივერსიტეტები შეარჩევენ სტუდენტებს. თუმცა  ეს არის შორეული პერსპექტივა ასე ვთქვათ. თუ ჩვენ ამ ყველაფერზე შევთანხმდით და ეტაპობრივად დავგეგმეთ და წავიდა წინ ყველაფერი ისე, როგორც დაგეგმილია, ჩვენი აზრით, ეს შესაძლებელია რომ 2023-24 წლისთვის ამ მოდელზე გადავიდეთ,“ - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფო გორგოძე ამბობს, რომ მთავარი ყურადღება არა გამოცდებზე, არამედ თავად სკოლაზე უნდა იქნას გადატანილი.

„ჩვენ გვინდა, რომ შევცვალოთ ეს ორიენტაცია და აქცენტები გამოცდებზე კი არ გავაკეთოთ, სკოლაზე. მოდით გავაძლიეროთ მასწავლებლები, მოდით დავეხმაროთ რომ თვითონ შეაფასოს უკეთესად,“ - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

 

დღის ამბები