19 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
განხეთქილება "ოცნებაში" - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხზე დაპირისპირებული მხარეები უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ 

დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ დღითიდღე მწვავდება. კიდევ ერთი კულმინაცია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იქნება, რომელიც რამდენიმე დღეშია დაგეგმილი.

პარტიის ცენტრალურ ოფისში,  ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით დაპირისპირებული დეპუტატები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და პარტიის თავმჯდომარეს საკუთარ არგუმენტებს გააცნობენ. სავარაუდოდ სწორედ ამ სხდომაზე გადაწყდება, დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა ეკა ბესელიას ინიციატივას, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ.

„ინტერესი ძალიან დიდია, ამ ცვლილების საჭიროებას ყველა ხედავს. ეს არის აუცილებელი პაუზა, მორატორიუმი, რომლითაც არ უნდა ჩაიკეტოს დღეს სასამართლო სისტემა და უნდა მოხდეს ახალი მოსამართლეების შემოსვლა სასამართლო სისტემაში. ხარვეზები არის გამოსასწორებელი და პირველ რიგში იმისთვის, რომ პარლამენტს ჰქონდეს დრო იმისთვის, რომ იმუშაოს ცვლილებებზე, მოვამზადოთ ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, ამისთვის საჭიროა, რომ შევაჩეროთ ჯერ უვადოდ დანიშვნა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

საკანონმდებლო პაკეტი კი უკვე პარლამენტშია. ე.წ. ამბოხებული დეპუტატები ამბობენ, რომ საკუთარ სიმართლეს მაინც დაამტკიცებენ. მათ კი ჯერ კიდევ თანაგუნდელები პასუხობენ, რომ ყველას, ვისაც გუნდში ყოფნა უნდა, გუნდური წესების დაცვა მოუწევს.

„გუნდი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ საზოგადოების წინაშე ავიღეთ ვალდებულება ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ვინც ამ ვალდებულებას აცნობიერებს და მიაჩნია, რომ უნდა დარჩეს გუნდში და იმუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას აქვს საკუთარი არჩევანი,“-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები