25 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
საკადრო წმენდა ზესტაფონის თვითმმართველობის ორგანოში - მერი თანამდებობას ტოვებს, მისი მოადგილე კი უკვე გადადგა 

ქუთაისის შემდეგ, საკადრო წმენდა ზესტაფონის თვითმმართველობის ორგანოში დაიწყო.

უახლოეს დღეებში პოსტის დატოვებას გეგმავს მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე. ოფიციალურ მიზეზად სახელდება მისი უთანხმოება მმართველი პარტიის ე.წ ახლების ჯგუფთან.

არაოფიციალურად კი მახათაძეს პრობლემები აქვს სამართალდამცავ უწყებებში. გუშინ კი თანამდებობიდან გადადგა მერის მოადგილე, რომელიც კახაბერ მახათაძის გუნდის წევრი იყო.

„მას მხოლოდ და მხოლოდ შეუთავსებლობა აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან. თავის ხრიკებით უნდა რაღაცეებით გადაფაროს, რომ თითქოს შეუთავსებლობა აქვს გუნდთან და რამე მსგავსი მოხდა. მსგავსი არაფერი არ მომხდარა,“-აცხადებს ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე.

მახათაძის სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემებს არ ადასტურებენ „ქართულ ოცნებაში“. ზესტაფონის საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ მათ ინფორმაცია პროკურატურაში გადაამოწმეს და დადასტურდა, რომ ზესტაფონის მერს სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემები არ ჰქონია.

„პროკურატურას მივმართეთ ოფიციალური წერილით, სადაც ვითხოვდი ამის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას - არის თუ არა რაიმე სისხლის სამართლის საქმე და თუ იყო რა შედეგით დასრულდა.

რომელზეც მივიღე პასუხი ოფიციალურად, რომ კახაბერ მახათაძის მიმართ არავითარი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული,“-ამბობს ზესტაფონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ”ქართული ოცნებიდან” უჩა ჩუბინიძე.

ზესტაფონის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მერის ყველა თანამოაზრე დატოვებს თანამდებობას.

დღის ამბები