19 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
თუ გახარიამ ანაფორა არ გადაიცვა და არ დაარტყა ჩაქუჩი, ყველაზე მავთულმიბმული მოსამართლეც კი ვერ გაბედავს კირკიტაძეს პატიმრობაში დატოვებას - ნიკა მელია

გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი იწყება. სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან.  ეზოში სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დავით კირკიტაძე, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს კახეთში, ველისციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს, უდანაშაულოა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

„კირკიტაძე ამან დააპატიმრა იგივე მოსამართლემ და დაეყრდნო რას, რომ კირკიტაძეზე მიმდინარეობსო სხვა სისხლის სამართლის საქმეო და იქო ერთხელო გირაო შეფარდებული აქვსო და მეორეჯერ გირაოს ხომ ვერ გამოვიყენებო?! აქედან გამომდინარე, უნდა გავუშვათ ციხეშიო. იმ საქმეზე ბატონი კირკიტაძე გამართლდა, შესაბამისად, აღარ არსებობს არანაირი საფუძველი და ნუ ახლა თუ გახარია შემოიპარა უშუალოდ და ანაფორა არ გადაიცვა და არ დაარტყა ესე ჩაქუჩი, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ყველაზე მავთულმიბმული მოსამართლეც კი აღმასრულებელი ხელისუფლებათა ვერ გაბედავს კირკიტაძეს პატიმრობაში დატოვებას,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით სამართალზე საუბრობენ.

„ივანიშვილის ხელისუფლების სასამართლოსგან, პროკურატურისგან რა მოლოდინი უნდა გვქონდეს? მაშინ, როდესაც მართლა მოძალადეებს ერთი საათი არ აჩერებენ წინასწარი დაკავების იზოლატორში და მომენტალურად უშვებენ, ამ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკოსთან არის საქმე ხელოვნურად გადაკეტილი ბარიერის, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის დაძლევის გამო დაკავებული ჰყავთ უკვე ორი თვის განმავლობაში,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დავით კირკიტაძის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე მისი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

კირკიტაძეს, რომელსაც პოლიციისთვის ძალადობით წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად, მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა იმ მოტივით, რომ ის სხვა სასამართლო განხილვაშიც ფიგურირებდა ბრალდებულის სახით. თუმცა მალევე მეორე სასამართლო პროცესში, რომელიც მისი გუბერნატორად მუშაობის პერიოდს ეხებოდა, კირკიტაძე გამართლდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები