25 აპრილი 2024,   05:37
ვრცლად
მოწმე კალანდიას ჩვენება არის სანდო - ხორავას საქმის პროკურორი ზაზა სარალიძეს პასუხობს

მოწმე კალანდიას ჩვენება არის სანდო - ასეთია ბრალდების მხარის პასუხი ზაზა სარალიძის განცხადებაზე, რომელიც მან სააპელაციო სასამართლოს პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ გააკეთა.

 

ზაზა სარალიძემ თქვა, რომ პროკურორები კალანდიას რეაბილიტაციას ცდილობენ, რომელიც საქალაქო სასამართლომ არასანდო მოწმედ მიიჩნია.

დღევანდელ პროცესზე ჩვენებას საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მოწმე მიხეილ კალანდია აძლევს. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პროცესზე ბრალდების მხარის მინიშნებები იმის დამადასტურებელია, რომ პროკურატურა კალანდიას უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს. ბრალდების მიმართ ანალოგიური პრეტენზიები აქვთ აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ კალანდიამ 9- ჯერ შეცვალა ჩვენება და ის სანდო მოწმე ვერ იქნება.

საქმის პროკურორი კი ამტკიცებს, რომ მიხეილ კალანდიაზე გამოძიების მსვლელობისას და საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის დროს განხორციელდა ზეწოლა და მისი ჩვენებები იყო არასრულყოფილი. ბრალდების მხარის მტკიცებით, მიხეილ კალანდია არის სანდო მოწმე.

„მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ რელევანტურად იქნა ჩათვლილი ის მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოში. საუბარი მაქვს მოწმის გამოძიებაში გამოკითხვის ოქმზე, სადაც ის საუბრობს მის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედების ფაქტთან დაკავშირებით. და ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, სასამართლოს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რომელმაც  უდაო ფაქტად მიიჩნია , რომ ასეთი ტიპის ზემოქმედებას მოწმეზე ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი იმისა, რომ არსებული ზემოქმედების ფაქტის დადასტურებით ცალსახად იქნება მიჩნეული ის, რომ მოწმე მ.კ. არის სანდო მოწმე და შესაბამისად მისი ჩვენება უნდა იქნას  გათვალისწინებული სასამართლოს მიერ,“-განაცხადა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები