25 აგვისტო 2019,   05:32
ვრცლად
„პოლიტიკური გადაწყვეტილება" - დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას პროტესტი და ხმაური მოჰყვა

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას სასამართლო დარბაზსა და ეზოში პროტესტი და ხმაური მოჰყვა. მოსამართლის აზრით, არსებობდა ოპოზიციონერი წევრის მიმალვის საფრთხე და ამიტომ მან დაცვის მხარის შუამდგომლობა კირკიტაძის გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლო დარბაზი შეკრებილების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ოპოზიციის წევრები დავით კირკიტაძის დაკავებას და ასევე მის პატიმრობაში დატოვებას უსამართლოს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ.

„ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ღმერთმა შეგარგოთ ზონდერები, გეგეშიძეები, რომლებიც ჯაჭვით სცემენ ხალხს, არავის ციხეში ჯდომა არ მიხარია და არ გამიხარდება, მაგრამ თანამდებობაზე გყავთ დღესაც ჭიდაობის ფედერაციაში. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე საუბრობთ და ამბობთ, რომ თითქოს, არსებობს მისი მიმალვის საფრთხე და ამიტომ მას გირაოთი ვერ გაათავისუფლებთ. რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებს მურუსიძე-ჩინჩალაძე-ფარცხალაძე-ივანიშვილი-გახარიას ხელისუფლება, მით უფრო მალე, სამწუხაროდ მათთვის მტკივნეულად, დამარცხდებიან,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ დავით კირკიტაძის მიმალვის საფრთხე არ არსებობდა და მოსამართლის არგუმენტი უსაფუძვლოა.

„დავით კირკიტაძეს მიმალვა რომ სდომებოდა, წლების წინ არ ჩამოვიდოდა შეერთებული შტატებიდან იმისთვის, რომ ჩვენება მიეცა ქართული სასამართლოსთვის და მან იბრძოლა მთელი ამ წლების განმავლობაში და საბოლოოდ დადგინდა, რომ ის უდანაშაულო იყო. რამდენიმე კვირის წინ გამოიტანა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. რისი მიმალვის საფრთხეა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დღეს ასე ერქვა - ასე მინდა და ასე გადავწყვეტ,“- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

თავად დავით კირკიტაძე, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს კახეთში, ველისციხეში მომხდარი ინციდენტის საქმეზეა დაკავებული, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. კირკიტაძის თქმით, ის პოლიტიკური პატიმარია და ის სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.

 

დღის ამბები