24 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
ზაზა სარალიძის პროტესტი სასამართლოში - ის ამტკიცებს, რომ პროკურატურა კალანდიას უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს ჩვენება დღეს საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა - მიხეილ კალანდიამ მისცა. ის ბრალდების მოწმეა.

პროკურატურა დღეს მოწმის დაკითხვისას მხოლოდ იმის დადასტურებას ცდილობდა, რომ მან პირველი ინსტანციის სასამართლოს ცრუ ჩვენება ზეწოლის გამო მისცა.

თუ პროკურატურამ მიზანს მიაღწია, მაშინ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე გამოძიების პირველ ვერსიას დაუბრუნდება, რომლის მიხედვითაც, დავით სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდია უდანაშაულოა. ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა კი იმ მოზარდებს დაეკისრებათ, რომლებიც საქალაქო სასამართლომ სარალიძის მკვლელობაში გაამართლა.

სასამართლოსა და წინასწარ გამოძიებაში კალანდია ამტკიცებდა, რომ დავით სარალიძე გ.ჯ-მ და გ.ბ-მ მოკლეს. მისი ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა და კალანდია არასანდო მოწმედ მიიჩნია, რადგან სამი დღის განმავლობაში მიმდინარე დაკითხვისას ის ჩვენებას პროცესიდან პროცესამდე ცვლიდა.

საქმეში იდო მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებაც.

დაცვის მხარისთვის მიხეილ კალანდია დისკრედიტირებული მოწმეა. ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, მის მიმართ ნდობის აღდგენა შეუძლებელი იქნება.

დღევანდელი სხდომა დაწყებიდან მალევე პროტესტის ნიშნად დატოვა ზაზა სარალიძემ. მოკლული მოზარდის მამა პროკურორების შეკითხვებმა გააღიზიანა. ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ბრალდება კალანდიას ისევ მფარველობს და მისი პასუხისმგებლობისგან არიდებას ცდილობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები