19 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
პირები, რომლებიც სააკაშვილისა და ემიგრანეტბის შეხვედრის ჩაშლას შეეცადნენ, საქართველოში დაბრუნდნენ

სპორტსმენები და სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომლები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს, საქართველოში დაბრუნდნენ.

აეროპორტში კურიერის კამერის გამოჩენისთანავე ისინი სახის დაფარვას შეეცადნენ და შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს. თუმცა, დაადასტურეს ის, რომ ლიეჟში სწორედ იმ შენობასთან იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ემიგრანტებს შეხვდა.

პირი, რომელმაც კურიერს დაუდასტურა, რომ ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე იყო ჩასული, მორაგბე რევაზ წიკლაურია.

სპორტსმენები ამტკიცებენ, რომ ბელგიის ქალაქ ლიეჟში ხმაურიანი კონტრაქციის მოსაწყობად საკუთარი ფულით ჩავიდნენ, თუმცა, სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ მათი მგზავრობა და ცხოვრება ქართულმა ოცნებამ დააფინანსა და დაპირისპირების მოსაწყობად დამატებითი ფულიც გადაუხადა.

ვინ მოახდინა ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე დაპირისპირების პროვოცირება და უწყობდა თუ არა ამ პროცესს ხელს, საქმის შესწავლას უახლოეს მომავალში ბელგიის პოლიცია დაიწყებს.

განცხადებით სამართალდამცველებს ლიეჟის შეხვედრის ორგანიზატორები მიმართავენ.

თუ ბელგიის პოლიცია დაადგენს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონო თვალთვალს ახორციელებდა, ამ თემას შესაძლოა, ბრიუსელსა და თბილისს შორის ურთიერთობების გამწვავება მოჰყვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები