17 ნოემბერი 2019,   18:39
ვრცლად
სოციალურ აგენტს, რომელმაც ჩვილის ოჯახიდან განრიდება გადაწყვიტა, ფიზიკურად გაუსწორდნენ

სოციალური აგენტი, რომელმაც ჩვილის ოჯახიდან განრიდების გადაწყვეტილება მიიღო, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.

ახალგაზრდა ქალი, ნინო კობაიძე, რომელიც თვეების განმავლობაში ჩვილით ხელში ითხოვდა მოწყალებას, სწორედ სააგენტოს თანამშრომლისგან, ნანი მახათაძისგან, ითხოვდა განმარტებებს, რატომ გადაიყვანეს მცირეწლოვანი საკუთარი ოჯახიდან მინდობით აღზრდაში.

მეტროს ვაგონში ამ ფაქტს ბევრი ადამიანი შეესწრო, თუმცა, ნანი მახათაძე ამბობს, რომ მხოლოდ ერთადერთი ახალგაზრდა გამოესარჩლა და ფიზიკური დაპირისპირებისგან დაიცვა.

ერთი წლის გოგონა ოჯახს შაბათს გამოარიდეს, თუმცა, ოჯახმა წინააღმდეგობა გაუწია. ბავშვის ბაბუამ სხეულიც დაიზიანა.

ნანა მახათაძე ყვება, რომ ადგილზე მისულებს რთული ვითარება დახვდათ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ბავშვის დაბრუნებას ითხოვენ ბებია და ბაბუა. სწორედ მათი სახლიდან წაიყვანეს ერთი წლის გოგონა.

სოცმუშაკის თქმით, ბავშვის დედა არაერთხელ არის შემჩნეული, რომ ბავშვთან ერთად ითხოვდა მოწყალებას. სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, სოციალურ მდგომარეობასთან ერთად, რის გამოც შვილი გამოარიდეს.

გამოძიება ძალადობის მუხლით დაწყებულია. დანაშაული ერთიდან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, თამთა ჯიქია, მარიამ ქაშაკაშვილი. 

 

დღის ამბები