19 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
ავარია წყნეთში - სპეციალისტების მტკიცებით, ყვითელ ავტობუსს სამუხრუჭე სისტემა გაუმართავი ჰქონდა

ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთის გზატკეცილზე - დღეს, დილის 9 საათზე, 34 ნომერი ავტობუსი თბილისიდან წყნეთის მიმართულებით რეისს ასრულებდა, რა დროსაც მძღოლს მუხრუჭებმა უმტყუნა, დაგორდა და ხეს შეეჩაჯახა. ავტობუსი უკუსვლას რამდენიმე წუთის განმავლობაში აგრძელებდა და მძღოლი საჭეს ვერ იმორჩილებდა, რასაც სალონში პანიკა მოჰყვა.

7 მგზავრი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჰაბჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი ამტკიცებს, რომ ავარიის მიზეზი ავტობუსის გაუმართაობა გახდა.

ვასილ ურუშაძის ინფორმაციით, ავტობუსმა ნოემბერში ტექნიკური შემოწმება ვერ გაიარა.

ავტობუსს სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა დაუდგინეს და მოძრაობა აუკრძალეს. მაშინ ავტობუსი შეაკეთეს, თუმცა, როგორც ჩანს, მუნიციპალური ტრანსპორტის ტექნიკური ხარვეზი ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა, დღეს ავტობუსს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ავტობუსის გაუმართაობას კატეგორიულად გამორიცხავენ. მერიის დაქვემდებარებაში არსებულ კომპანიაში ამტკიცებენ, რომ დილით ავტოფარეხიდან გასვლამდე ყველა ტრანსპორტი გადის შემოწმებას.

10 წლის წინ ჩამოყვანილი ავტობუსები რომ ვარგისი აღარ არის, ამაზე საკრებულოს ოპოზიცია წლებია, საუბრობს. ისინი ქართული ოცნების ყოფილი და მოქმედი მერების სატრანსპორტო პოლიტიკას აკრიტიკებენ და მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმართაობის გამო, უბედურ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას მათ აკისრებენ.

​ 

ამავე თემაზე
დღის ამბები