19 აპრილი 2024,   07:59
ვრცლად
დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება

დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება. გურჯაანის რაიონის სასამართლოს მოსამართლემ, დავით ნარიმანიძემ, გირაოს შეფარდების თაობაზე შუამდგომლობას უარით უპასუხა.

დავით ნარიმანიძის არგუმენტი ბრალდებულის მიმალვის საფრთხე იყო. თავად კირკიტაძემ მოსამართლის გადაწყვეტილებას „ივანიშვილის თამაში“ უწოდა და დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა.

დღევანდელ წინა სასამართლო სხდომაზე დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა მისმა ადვოკატმა დააყენა. ადვოკატის შუამდგომლობა დავით ნარიმანიძემ არ დააკმაყოფილა.

სახელმწიფო ბრალმდებელი კი მიიჩნევს, რომ გარდა მიმალვისა, ასევე, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის საფრთხეც.

სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში კირკიტაძის ახლობლებთან ერთად ენმ-ის ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებას გურჯაანის ცენტრში ხმაური მოჰყვა.

ოპონენტების ბრალდებებს დღეს საკანონმდებლო ორგანოში უპასუხა ანრი ოხანაშვილმა. დეპუტატი დავით კირკიტაძის მხარდამჭერებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.

დავით კირკიტაძე საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარი ინცინდენტის გამო დააკავეს. სამართალდამცავები მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოპოზიციის ლიდერს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები