19 აპრილი 2024,   07:06
ვრცლად
ხელშეკრულება "გაზპრომთან," საბანკო რეგულაციები - ოპოზიციას ქობულიასთან მწვავე შეკითხვები აქვს

რამდენიმე საათში პარლამენტში, მწვავე დებატებს ელოდებიან. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს გიორგი ქობულიას მოუსმენენ. ყველაზე მეტი და ყველაზე მწვავე შეკითხვა ეკონომიკის მინისტრთან ოპოზიციას ექნება.

მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ქობულიას განცხადებები ხშირად არაკომპეტენტური და გაუგებარია, რაც დამატებით განმარტებებს საჭიროებს.

ოპოზიციის შეკითხვების მთავარი თემა ასევე „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება იქნება, რომლის შინაარს სახელმწიფო ისევ საიდუმლოდ ტოვებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მთავარი შეკითხვაა თუ რატომ არ ფორმდება ხელშეკრულება „გაზპრომთან.“

ოპოზიციის თქმით, საზოგადოებამ არც ის იცის, ხელისუფლება „გაზპრომთან“ საერთოდ აწარმოებს თუ არა მოლაპარაკებას.

„რატომ არის, რომ მუდამ ერთ ადგილას ვიტკეპნებით და 5 პროცენტიან ზრდასაც კი ვერ მივაღწიეთ და ყველა დარგი, დაწყებული ენერგეტიკით და დამთავრებული მშენებლობით თუ ტრანსპორტით და ასე შემდეგ, სადაც იხარჯება ასეულობით მილიონი სახალხო რესურსი კორუფციული გზით. თვენახევარი გავიდა, „გაზპრომთან“ ხელშეკრულება არ არსებობს. მიედინება გაზი რუსეთიდან სომხეთისკენ და ფაქტობრივად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ჩვენ გვახსოვს თუ რა საშინელ კონტრაქტს მოაწერა ხელი კალაძემ ხელი და როგორი აჟიოტაჟი იყო მის მოგზაურობებზე მილანში, შვეიცარიაში, თითქოსდა, ქვეყნის გამარჯვების კონტრაქტი ჩამოჰქონდათ. გაზი, რომელიც უფასოდ მოეწოდება შაჰდენიზიდან საქართველოს და ასევე შეღავათიანი ფასით, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე. ამ სიმდიდრეს აზის ერთი მუჭა კლანი,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

დეპუტატებს გიორგი ქობულიასთან შეკითხვები ასევე საბანკო რეგულაციებსა და საგადასახო წნეხზეც ექნებათ.

„საბანკო ახალი რეგულაციები, რომელმაც, ფაქტობრივად, შესაძლებლობა მოუსპო მოსახლეობას, თუნდაც საოჯახო ტექნიკის შეძენის თუ ახალი საცხოვრებელი ბინების შეძენის, რომელიც სერიოზულ კრიზისს ქმნის შესაბამის სექტორებში და აუქმებს სამუშაო ადგილებს, ნაცვლად ახალი სამუშაო ადგილებისა. მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომელშიც ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ არის ჩართული, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები, რადგან ყველამ ვიცით, რომ თავის დროზე სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, „გაზპრომთან“ შეცვლილი ხელშეკრულების შესაბამისად, ფაქტობრივად, ჩვენ გაგვეზარდა გაზის ღირებულება, რომელსაც ვიღებდით რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები