24 აპრილი 2024,   12:14
ვრცლად
კითხვებზეც პასუხი ვერ მივიღე... ფაქტია, პროკურორები მაქსიმალურად ცდილობენ მიხეილ კალანდიას გამოყვანას ამ საქმიდან - ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძის შეხვედრა გენერალური პროკურორთან დასრულებულია. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა, საგამოძიებო უწყებაში დღეს ადვოკატთან და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელთან ერთად მივიდა. შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან მედიასთან განაცხადა, რომ კითხვებზე, რომელიც შეხვედრის მიმდინარეობისას გენერალურ პროკურორს დაუსვა, პასუხები ვერ მიიღო. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე საქმესთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის. 

„ძალიან ბევრი კითხვები იქნა დასმული, რომელ კითხვებზეც ფაქტია, პასუხი ვერ მივიღე. იქიდან გამომდინარე, რომ ისევ და ისევ ვადასტურებ იმას, რომ არასწორი ინფორმაცია მიაქვთ ბატონ გენ პროკურორამდე. იქ ესწრებოდნენ საქმის პროკურორები, რომლებსაც გარკვეული კითხვები დავუსვი, მაგრამ სამწუხაროდ, იმაზეც ვერ მივიღე პასუხები. არაფერი არ არის ფაქტიურად შეცვლილი წინა შეხვედრის შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტია საქმის პროკურორები მაქსიმალურად ცდილობენ, მიხეილ კალანდიას გამოყვანას ამ საქმიდან,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძეების ოჯახის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, შალვა თადუმაძისგან მიიღეს შეთავაზება რომ, საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მათთვის სასურველ ფორმატში გააცნობენ. 

„გენერალური პროკურორისაგან ჩვენს მიმართ იყო შემოთავაზება, რომ ჩვენთვის სასურველ ფორმატში მოხდეს საქმის გაცნობა. ჩვენ ვგულისხმობთ გამოყოფილ საქმეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგ უკვე ჩვენს მიერ მათთვის მიწოდებული ის, თუ როგორ ვუყურებთ ამ საქმეს და რა საგამოძიებო მოქმედებების დამატებით ჩატარებას ვითხოვდით საქმეში. ჩვენ მივიღეთ ეს შეთავაზება. ორშაბათიდან მე უკვე შევუდგები ამ ფორმატით საქმის გაცნობას და შემდეგ ჩვენს მოსაზრებებს გაგაცნობთ,“ - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ. 

დღის ამბები