25 აპრილი 2024,   18:49
ვრცლად
ტექნიკის ქურდობის ბრალდებით დაკავებულები ნორვეგიაში - ქართველი საჯარო მოხელეები და ბიზნესმენი ოსლოს ციხეში რჩებიან

ელექტროტექნიკის მაღაზიის ქურდობის გამო, ორი საჯარო მოხელე და ერთი ქართველი ბიზნესმენი, ამ დრომდე ოსლოს ციხეში რჩება. საქართველოს მოქალაქეები ნორვეგიაში სასამართლო პროცესს ელოდებიან. ერთ-ერთ დაკავებული, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, ოჯახს ადვოკატის საშუალებით დაუკავშირდა. პატიმრის მამას ნორვეგიიდან აცნობეს, რომ მისი შვილი ბრალს არ აღიარებს. "კურიერის" ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი და მერიის დასუფთავების სამსახურის მაღალჩინოსანი იმ დროს დააკავეს, როდესაც ტექნიკის მაღაზიიდან ნივთები მოიპარეს.

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმასთან ერთად, ნორვეგიული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, გიორგი კიკნაძე. დღეს „კურიერმა“ გაარკვია, რომ ისიც "ქართლი ოცნების" დეპუტატის ნათესავი და ბიზნესპარტნიორია. ზარდიაშვილი და კიკნაძე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ერთად კომერციულ ფართს ფლობენ, რომელსაც ბიზნეს საქმიანობისთვის იყენებენ.

უკვე მეორე დღეა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობა საკუთარი თანამშრომლის დაკავებაზე დუმს. თბილისის მერიაში მარტო იმას ადასტურებენ, რომ კიკნაძე იანვრის ბოლოდან ანაზღაურებად შვებულებაშია. 

სამივე დაკავებული ერთ უბანში ცხოვრობს და ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საჯარო მოხელეებთან ერთად ნორვეგიაში დააკავეს „ასტორია ჯგუფის“ მფლობელი სიძე, გრიშა მარღანია, თანამშრომლები გვიდასტურებენ, რომ მარღანია საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ კონკრეტული დეტალები მათთვის უცნობია.

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა აუდიტის სამსახურში ერთ-ერთი სიპის სპეციალისტი იყო. გიორგი კიკნაძე კი ისანში დასუფთავების სამსახურს ხელმძღვანელობს. ორივე მოქმედი საჯარო მოხელეა. 

დღის ამბები