ევროსაბჭო წევრ ქვეყნებს ჟურნალისტების დაცვისა და მედიის თავისუფლების პირობების გაუმჯობესებისთვის სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ევროსაბჭოსა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ დღეს პრესის თავისუფლება ევროპაში უფრო სუსტია, ვიდრე ნებისმიერ დროს ცივი ომის დასრულების შემდეგ.
ჟურნალისტები საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს სულ უფრო ხშირად აღმოჩნდებიან დაბრკოლებების, მტრული განწყობისა და ძალადობის წინაშე. ანგარიშში ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული 140-ზე მეტი სერიოზული დარღვევა და ასევე, ჟურნალისტების მკვლელობის ფაქტებია მოყვანილი.
განსაკუთრებული ყურადღება რუსეთში და თურქეთში არსებულ გაუარესებულ მედია გარემოზეა გამახვილებულია. ასევე უნგრეთზე, სადაც დოკუმენტის მიხედვით მედიასაშუალებების უმრავლესობა ხელისუფლებასთან დაახლოებული ოლიგარქების ხელშია.