20 მარტი 2019,   08:04
ვრცლად
მოსამართლეს, რომელმაც დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა, შესაძლო კორუფციაში ადანაშაულებენ

მოსამართლეს, რომელმაც დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა, შესაძლო კორუფციაში ადანაშაულებენ. გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილისადმი ჟურნალისტებს კითხვები გაუჩნდათ. გამომძიებელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ სწორედ იმ დღეს, როდესაც მოსამართლემ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო, მის ქონებას 200 ათას ლარიანი ყადაღა მოეხსნა.

ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი უორდროპის ქუჩაზე მდებარე სახლში ცხოვრობს. სახლის ასაშენებლად მოსამართლემ ბანკიდან სესხი - 200 ათასი ლარი გამოიტანა, თუმცა იპოთეკაში ჩადებული უძრავი ქონება ვალდებულებებისგან ვადაზე ადრე გაათავისუფლა. სახლს იპოთეკა ზუსტად იმ დღეს მოეხსნა, როდესაც მოსამართლე ნარიმანიშვილმა დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეუფარდა და ციხეში გაუშვა. გამომძიებელ ჟურნალისტებს Presa.ge-დან ეჭვი აქვთ, რომ ამ ორ მოვლენას შორის კავშირია.

გურჯაანის სასამართლოს ხელმძღვანელი თბილისში 2 სართულიანი 325 კვადრატული მეტრის ფართობის კერძო სახლის პარალელურად, ფლობს 4500 კვადრატული მეტრ ფართობს დიდ ლილოში, ასევე ნაკვეთს ახალციხეში, რომელზეც 470 კვადრატული მეტრის კომერციული ფართია განთავსებული. მის საკუთრებაშია ასევე ბინა ვალეში, საცხოვრებელი სახლი ახალციხეში, ჭონქაძის ქუჩაზე.

მოსამართლე ნარიმანიშვილმა „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას არ განმარტა თუ რატომ დატოვა დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში. როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, მოსამართლის მიერ დასახელებული მთავარი მოტივი, რომ კირკიტაძე შესაძლოა, მიმალულიყო, არარელევანტურია.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა მელია ამბობს, რომ, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავში არჩევნები წააგო, კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებით, ხელისუფლებამ ის გზიდან ჩამოიშორა.

დავით კირკიტაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს კახეთში, ველისციხეში მომხდარი ინციდენტის საქმეზეა დაკავებული.

დღის ამბები