19 აპრილი 2024,   16:55
ვრცლად
„ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება მწვავდება - ეკა ბესელიას ღია კარისკენ კიდევ ერთხელ მიუთითეს 

„ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება გრძელდება - კახა კალაძის შემდეგ ეკა ბესელიას ღია კარისკენ დღეს კიდევ ერთმა თანაგუნდელმა მიუთითა. დეპუტატი სოფო კილაძე ამბობს, რომ ვინც გუნდურ თამაშს არ ითამაშებს, წასვლა შეუძლია. მმართველი გუნდის ე.წ. ახლების გუნდში ამბობენ, რომ ეკა ბესელიამ  არაკონსტიტუციური კანონპროექტი დაწერა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ღიად ამბობს, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერების შესახებ ბესელიას კანონპროექტს უამრავი ხარვეზი აქვს. მისი თქმით, ეკა ბესელიას მოუწევს, დაასაბუთოს, მოდის თუ არა მისი ინიციატივა ქვეყნის მთავარ კანონთან შესაბამისობაში.

კანონპროექტი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერებაზე  ე.წ. ახლების გუნდისთვის კითხვის ნიშნებს იმაზეც აჩენს, რამდენად სამართლიანი იქნება გადაწყვეტილება იმ მოსამართლეებისთვის, ვინც საქმეს კეთილსინდისიერად აკეთებს.

ეკა ბესელიასთვის ჯერ კიდევ თანაგუნდელების განცხადებები საერთოდ გაუგებარია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მისი ინიციატივის შესახებ ყველა თანაგუნდელმა იცოდა და მოსამართლეთა დანიშვნების შეჩერებაზეც უმრავლესობის სხდომებზეც არაერთხელ ისაუბრა.

ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის წევრებს ე.წ. ახლების გუნდიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიციის გახმოვანებაში ადანაშაულებს. დეპუტატი ასევე აცხადებს, რომ ემოციურად არ იმოქმედებს და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაზე გადაწყვეტილებას ნაჩქარევად არ მიიღებს. ეკა ბესელიამ კანონპროექტის მხარდაჭერის მისაღებად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მისი ინიციატივის აპოლიტიკურობას ამტკიცებს, თუმცა თანაგუნდელები მინიშნებებს სწორედ ამაზე აკეთებენ. "ქართულ ოცნებაში" იმაზე საუბარსაც არ ერიდებიან, რომ ამ შინაარსით მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.

დღის ამბები