20 აპრილი 2024,   07:25
ვრცლად
ეროვნული ბანკის სკანდალური გადაწყვეტილება - "კურიერს" წყარო ივანიშვილსა და ხაზარაძე-ჯაფარიძეს შორის გარიგების მცდელობაზე უყვება

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

თუმცა ინფორმირებული წყარო „კურიერს“ უყვება, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ხაზარაძე-ჯაფარიძემ ერთმანეთში გარიგება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ამ ვერსიის მიხედვით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს წილების დათმობა და ბევრად იაფად გაყიდვა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. სავარაუდოდ, ამის გამო, ბიძინა ივანიშვილი განაწყენდა.

ოპოზიციაში მეორე ვერსიაზეც საუბრობენ, რომელიც ანაკლიის პორტს უკავშირდება და რომელსაც, სავარაუდოდ, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობა გადაჰყვა. პროექტი მამუკა ხაზარაძეს უნდა განეხორციელებინა. ამ ვერსიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს პროცესი მიუღებელი გახდა და ის ხაზარაძის მიმართაც უკმაყოფილო დარჩა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავენ საგამოძიებო ორგანოებიც და ასევე ეროვნული ბანკიც.

„ეს არის ყველა წითელი ხაზის გადალახვა უკვე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ყველამ კარგად ვიცოდით, რომ იგი აიძულებდა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არა მხოლოდ დაეტოვებინათ „თიბისი ბანკის“ მმართველობა, არამედ გაეყიდა წილები. მამუკა ხაზარაძე სანამ პრობლემების მოგვარებას შეეცდება კულუარული გზებით, ის წავა არა მხოლოდ „თიბისი ბანკიდან“, არამედ წავა ციხეში. უნდა თქვას ყველაფერი, რაც მიმდინარეობდა ბოლო ამ ნახევარი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკური დაკვეთის ინსტრუმენტად იქცა.

„ჩვენ ვხედავთ ბანკზე დაწოლას 11 წლის წინანდელ საქმეზე და სრულიად აბსურდული მუხლით წაყენებულ ბრალდებას, მათ შორის დანაშაული რომც ყოფილიყო, ის ბრალდება, ფულის გათეთრება, არის უბრალოდ პიარისთვის, რომ ადამიანები გააშავონ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში მიუთითებს იმას, რომ ივანიშვილი იმ ადამიანების მიმართ, ვისაც თვლის კონკურენტად, ან უბრალოდ არ მოსწონს, ან უბრალოდ აკვიატებული ჰყავს, რომ არ მოსწონს, ებრძვის ყველა დასაშვები და დაუშვებელი მეთოდებით,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები