ყოფილ სპეცრაზმელს, ზაალ ლატარიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვასა და გავრცელებას ედავება. უფლებადამცველის განცხადებით, ბრალის დადგენილება დაკავებულს მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატის გარეშე გააცნეს. სავარაუდოდ კი ხვალ სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ლატარიას 4-დან 7-დ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აფხაზეთის ომის ვეტერანი ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები მას ფეისბუქზე გაუგზავნეს. თუმცა დარწმუნებულია რომ მის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა და ის პოლიტიკური მოტივით დააკავეს.
„წარედგინა ბრალდება 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, წარედგინა ადვოკატის დასწრების გარეშე. რატომ მოხდა ეს, მისი სურვილი და ნება იყო თუ არა, ეს ჩემთვის არ არის ცნობილი. კანონი იყო თ არა დარღვეული ამას მოგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მას გავესაუბრები. სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გადმოგვცემენ საქმის მასალებს, ბუნებრივია შევხვდები ბრალდებულს,“-განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.