23 აპრილი 2024,   18:04
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება - ოპოზიციის მოთხოვნას დღეს საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ

საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება - ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

21-მა პარტიამ მილიონი ხელმოწერა უნდა შეაგროვოს. სპეციალური ბლანკები კი ოპოზიციის წევრებს მას შემდეგ გადაეცემათ, რაც დღეს საკითხს საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

„ასეთ დროს კომიტეტი სწავლობს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იმ შემთხვევაში თუ ეს იქნება შესაბამისობაში რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან, ცხადია კომიტეტი დაარეგისტრირებს საინიციატივო ჯგუფს და მათ მიეცემათ 4 თვიანი ვადა იმისათვის, რომ წარმოადგინონ ხელმოწერები,“-განმარტა საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არსებულ საარჩევნო სისტემას უსამართლოს უწოდებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარული სისტემა, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით სჭირდება. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ საჭირო ხელმოწერების შეგროვებას შეძლებენ.

„მოირგო ხელისუფლებამ საკუთარ თავზე ძალაუფლება, კანონი და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ფაქტობრივად მან ხელი აიღო იმ დაპირებაზე, რომ 2020 წლიდან ქვეყანაში ჩატარებულიყო მხოლოდ პროპორციული არჩევნები და გაუქმებულიყო ეს ფეოდალური მაჟორიტარული სისტემა. დარწმუნებული ვარ, რომ არა თუ 200 ათასი, არამედ, ორჯერ და სამჯერ მეტი ხელმოწერა იქნება შეგროვებული, ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნებმა გვაჩვენა, რომ მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით მეტია და ეს 900 ათასს აღწევს,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.

დღესვე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმ დეპუტატების ვინაობა გაირკვევა, რომლებიც ეთიკის კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობაში შევლენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები