24 აპრილი 2024,   20:52
ვრცლად
საუნივერსიტეტო სივრცეში კომუნიკაციის პროცესმა რადიკალური სახე მიიღო - ილიაუნის პროფესორები განცხადებას ავრცელებენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს პროფესორები მიმართავენ. მათი თხოვნაა, ახალგაზრდებმა შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც ითანამშრომლებს უნივერსიტეტის კოლეგიალურ ორგანოებთან, აკადემიურ პერსონალთან და ადმინისტრაციასთან.

პროფესორები ამბობენ, რომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, რათა კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს.

„გუშინ გავრცელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის განცხადება, რომ ისინი, მათი ულტიმატუმების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აპირებენ, დაიწყონ შიმშილობა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გამოვხატავთ უკიდურეს წუხილს იმის თაობაზე, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში კომუნიკაციის პროცესმა ასეთი რადიკალური სახე მიიღო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამას სათავე დაუდო ბატონი გიორგი ქადაგიძის მიერ ულტიმატუმების ენით საუბარმა. ჩვენთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია ნებისმიერი მიზნით ახალგაზრდების ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება.

"მივიჩნევთ, რომ პროცესების ასეთი რადიკალიზაცია პირდაპირ არის მიმართული უნივერსიტეტის თავისუფალი და პლურალური სივრცის, მისი ავტონომიის ხელყოფისკენ და აფერხებს ინსტიტუციური განვითარების პროცესებს.

"ვთავაზობთ სტუდენტებს, შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც ითანამშრომლებს უნივერსიტეტის კოლეგიალურ ორგანოებთან, აკადემიურ პერსონალთან, ადმინისტრაციასთან, რათა გამოვიყენოთ ყველა რესურსი ამ კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსასვლელად. ვფიქრობთ, რომ სტუდენტების ყველა შემოთავაზება განხილულ უნდა იქნეს სადისკუსიო წინადადებების ფორმით, რათა სამუშაო პროცესის შედეგად უნივერსიტეტმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას განვითარების გზაზე,“-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს ილიაუნის ლექტორები აწერენ. განცხადების სრულად სანახავად გადადით ბმულზე

დღის ამბები