19 აპრილი 2024,   22:21
ვრცლად
საქართველოს მოსახლეობის 51% მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს - იუსტიციის სამინისტროს კვლევა

საქართველოს მოსახლეობის 51% მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს - სასამართლო რეფორმების შეფასების კვლევის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტრომ გამართა.

სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი კი სასამართლოთი მოსარგებლეების 55%-ის შეფასებით მაღალია. გამოკითხულთა ასევე 55% ეთანხმება, რომ სასამართლო სამართლიანია და 52% ენდობა მას.

„კვლევისას გამოიკითხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და მათგან 14 პროცენტი ფიქრობს, რომ ჩვენი რეფორმები არის მართლმსაჯულების გზაზე სწორად გადადგმული ნაბიჯები. ესეც სიმპტომატურია, იმიტომ, რომ ეს რეფორმები არ კეთდება რომელიმე პარტიის მხარდამჭერებისთვის,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

კვლევისთვის გამოკითხეს პროკურორები, ადვოკატები, მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე პირები, რომლებსაც უსარგებლიათ სასამართლოთი.

კვლევა სამინისტრომ კონსორციუმ „იპსოსს“ და ჰოლანდიელ კრიმინოლოგისტ იან ვან დაიკს დაუკვეთა.  

კვლევის ასეთ პოზიტიურ შედეგებს არ იზიარებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

„თუ სისტემაში შეიქმნა თუ ჩამოყალიბდა და შედგა გავლენიანი ჯგუფი, რომელიც მართავს სისტემას და რომელსაც აქვს სერიოზული ძალაუფლება სასამართლოში, ბუნებრივია, რეფორმები ვერ ჩაითვლება წარმატებულად. ამ კვლევას რომ ვუსმენდი, დაახლოებით, ისეთი წარმოდგენა გამიჩნდა, რომ თითქოს სრულიად სხვა საბჭოს წევრი ვარ, სადაც ყველაფერი რიგზეა და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, კვლევა ასე აჩვენებს, მაგრამ რეალობა ფაქტია, რომ არის სხვაგვარი,“ - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

დღის ამბები