23 აპრილი 2024,   22:16
ვრცლად
"სახელმწიფოს მიტაცების გამოვლინება" - მესამე სექტორი "თიბისი ბანკის" საქმეს ეხმაურება

მესამე სექტორი თიბისი ბანკის საქმეზე განმარტებებს ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციები ბიზნესზე ზეწოლის და პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ გაჩენილ კითხვებზე ღიად მიუთითებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დასაბუთებულ პასუხებს მოითხოვენ.

ისინი არ ეთანხმებიან ხელისუფლების შეფასებებს, რომ საქმე მხოლოდ სამართლებრივია და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებაში პოლიტიკური მოტივები არ უნდა ეძებონ.

არასამთავრობო ორგანიზაციები თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში გარკვეულ პოლიტიკურ მოტივაციებს ხედავენ. 

„ეს ყველაფერი არის კიდევ ერთი გამოვლინება ე.წ. სახელმწიფოს მიტაცებისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ჩვენთვის ეჭვებს ბადებს ის პროცესი, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ბატონი ივანიშვილი გამოვიდა და ხაზარაძე გააკრიტიკა, ცუდად მოიხსენია. ამის შემდეგ დაიწყო აქტივობები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხრიდან თიბისი ბანკის წინააღმდეგ,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანმა.

მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ ბანკზე შტურმის მიტანით თიბისი ბანკს ზარალი მიადგება და ასევე ამ პროცესების გამო, შესაძლოა, ინვესტორების მხრიდან ქვეყნის მიმართ ინტერესი შემცირდეს. 

„რა მიზეზით მოხდა სწორედ ახლა ამ საქმის გააქტიურება და რატომ აქამდე არასდროს არ ყოფილა ეს სერიოზული განხილვის საგანი. ეს ყველაფერი შესაძლოა, მიუთითებდეს შერჩევით პროცესზე და გარკვეულ პოლიტიკურ თუ სხვა პირად ინტერესებზე, რომელიც ამ საქმეში შეიძლება, იყოს გამოკვეთილი. ამდენად, ერთი მხრივ, ბუნებრივია, კითხვები ჩნდება. მეორე მხრივ, აქ შეიძლება, დამატებითი პრობლემა წარმოქმნას ინვესტორების მოზიდვის მხრივ,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის, ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. თიბისი ბანკი სებ-ის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. 

 

დღის ამბები