25 აპრილი 2024,   14:13
ვრცლად
"მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან" - მამუკა ბახტაძე "თიბისი ბანკზე"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყველას მოუწოდებს, თიბისი ბანკთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. 

ამის შესახებ განცხადება მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა. 

მისი თქმით, "ეროვნულმა ბანკმა, როგორც მარეგულირებელმა, მიიღო გადაწყვეტილება და თუ ვინმეს ამ საკითხზე პრეტენზიები აქვს, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა დასახელდეს".

“სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. თიბისი ბანკი არის სისტემური მნიშვნელობის, ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ის, რომ თიბისი ბანკი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ჩვენი ეკონომიკის წარმატებაა და ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული. ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა, მიიღო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, მე მის შინაარსობრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიცი ერთი რამ - ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით და ეს არის ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოზიცია. თიბისი ბანკი არის ძლიერი, სისტემური ბანკი და ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი არა მხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ეს არის ძალიან ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან შესაფასებელი სიტუაცია და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს. მარეგულირებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და, თუ ვინმეს აქვს პრეტენზია ამ საკითხზე, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა ისმოდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე შეფასებით, ასევე ძალიან ცუდი სპეკულაციაა აღნიშნული თემის დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან.

 

 

დღის ამბები