დამატებითი კვლევების ჩასატარებლად მამა გიორგი მამალაძე დღეს დილით ავერსის კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კი სასულიერო პირი, ბადრაგის თანხლებით, ისევ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დააბრუნეს, სადაც ის ინსულტის ნიშნებით 2 დღის წინ მოათავსეს.
ღუდუშაურის კლინიკის ექიმები აცხადებენ, რომ დეკანოზს ავერსის კლინიკაში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს.
ექიმების ცნობით, კვლევების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია კი უკვე ხვალ იქნება ცნობილი.
მედიკოსები აცხადებენ, რომ დეკანოზი ამ დროისთვის კონტაქტურია, თუმცა, მას სრულად პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი.
„მთელი ღამის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, უტარდებოდა სტანდარტული მკურნალობა. პაციენტს დიაგნოზის ვერიფიცირებისთვის ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, რისი დეტალური შედეგი იქნება, სავარაუდოდ, ხვალ. კონტრაქტორ კლინიკაში იყო გადაყვანილი. შეზღუდულია მოძრაობა მარჯვენა ხელ-ფეხში, სწორედ ამ მოვლენის ვერიფიცირებისთვის გვჭირდება მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა და შემდგომი კვლევები, რასაც ჩვენ ვუტარებთ და ჩავუტარებთ,“ - განაცხადა მარინა გელანტიამ.