18 აპრილი 2024,   21:36
ვრცლად
დაპირისპირება სოფლის გამგებელსა და ბაღის დირექტორს შორის - ფცის საბავშვო ბაღს ორი კვირაა, დირექტორი არ ჰყავს 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საბავშვო ბაღს დირექტორი აღარ ჰყავს.

აღმზრდელობითი დაწესებულების უკვე ყოფილმა დირექტორმა თანამდებობიდან წასვლის განცხადება 1 თებერვალს დაწერა. ის საკუთარ გადაწყვეტილებას სოფლის გამგებლის ზეწოლით ხსნის.

ეკა რაზმიაშვილი, რომელიც საბავშვო ბაღს წლების განმავლობაში მართავდა, ამბობს, რომ გია კილასონია მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.

სოფლის გამგებელსა და ბაღის დირექტორს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გია კილასონიას მეუღლემ დაწესებულების ფსიქოლოგი მის შვილზე ძალადობაში დაადანაშაულა.

ფცის გამგებლის მეუღლე და რძალი აცხადებენ, რომ ბაღის ფსიქოლოგი ბავშვებს სისტემატიურად სცემდა და ემუქრებოდა, დირექტორი კი თვეების განმავლობაში ამაზე ხმას არ იღებდა.

ოჯახს მტკიცებულებად ფარულად გადაღებული ვიდეოც აქვს.

სოფელ ფცის გამგებლის ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და ბაღის ყოფილი ფსიქოლოგის და დირექტორის დასჯასაც ითხოვს.

გია კილასონიას ოჯახის წევრების გარდა, ბაღის თანამშრომლებთან პრეტენზია არავის აქვს. ბრალდებებს არ ეთანხმებიან სხვა აღსაზრდელების მშობლები. მათ პროტესტის ნიშნად ბავშვები ბაღში უკვე 2 კვირაა, აღარ დაჰყავთ.

 

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე 

 

 

 

 

დღის ამბები