25 აპრილი 2024,   20:53
ვრცლად
მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა - ბიუროს სხდომაზე მწვავე დებატებია მოსალოდნელი

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე მწვავე დებატებია მოსალოდნელი. ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები იმ ინიციატივის დაჩქარებულად განხილვას მოითხოვს, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ეხება.

კანონპროექტის ავტორების განცხადებით, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოში იმაზე მსჯელობენ, განიხილონ თუ არა ეს წინადადება, ამ დროს მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან. მათი თქმით, ეს პროცესი საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულებას.

„მიგვაჩნია, რომ სრული საფუძველი გვაქვს მოვითხოვოთ დაჩქარებული განხილვა იმიტომ, რომ იმის მერე, რაც ინიციატივა იყო შემოთავაზებული, იუსტიციის საბჭომ კიდევ რვა უვადო მოსამართლე მოუვლინა საქართველოს და მგონია, რომ თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ჩვენ ძალიან ცუდ სასამართლოს მივიღებთ. ამიტომ, ლოგიკა დაჩქარებული წესის ცალსახაა,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა კი ჯერ იმის დადგენას გეგმავს, არის თუ არა ე.წ ამბოხებული დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციური.

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს მკაცრად აკრიტიკებს ოპოზიციაც.

„მთავარი არის მორატორიუმის გამოცხადება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე. უკვე იმდენად გათავხედნენ, რომ 8 მოსამართლე წინა კვირას დანიშნეს, მიუხედავად საზოგადოებრივი აზრისა და იმ დრამატული ვითარებისა, რაც პარლამენტსა და უმრავლესობაში ხდება. ვუჭერთ მხარს ქალბატონი ეკა ბესელიასა და სხვა დეპუტატების წინადადებას,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

 ხელისუფლების ოპონენტების აზრით, პარლამენტისთვის მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის უფლება კლანს არ უნდა ჰქონდეს. 

„ჩვენი პაკეტი ეხება რამდენიმე საკითხს, ჩინჩალაძის კლანს ჩამოერთვას ექსკლუზიური უფლება, პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენის. ამის უფლება მიენიჭოს იუსტიციის საბჭოს რიგით წევრს. იურდიულ კომიტეტთან რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება ამ ჯგუფში სავალდებულო წესით იყოს ჩასმული არასამთვრობო სექტორი, სახალხო დამცველისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

 

 

დღის ამბები