19 აპრილი 2024,   11:16
ვრცლად
მძიმე პოლიტიკური ვითარება "ქართულ ოცნებაში" - დეპუტატები მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე მსჯელობას იწყებენ  

პარლამენტი ხვალ დილიდან, 9 დეპუტატის მიერ ინიცირებული სადავო წინადადების დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების“ ორ ფლანგს შორის კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე დეპუტატები დაჩქარებული წესით იმსჯელებენ. ბიუროს სხდომათა დარბაზში ეკა ბესელიას მთავარი ოპონენტი მისივე გუნდის წევრები იყვნენ. ბესელია და მისი თანამებრძოლი გოგიჩაიშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის ნაცვლად, დღეს, "ქართულ ოცნებას" არწმუნებდნენ, რომ სასამართლო საფრთხეშია.

ინიციატივის განხილვა პარლამენტმა დღესვე დაიწყო და საგანგებო სხდომა საღამოს 9 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლეების თემაზე ერთმანეთთან დაპირისპირებული ეკა ბესელია და პარლამენტის თავმჯდომარე მხარდამჭერებს ცალ ცალკე აგროვებენ. თუ ბესელიას კანონპროექტს "ქართული ოცნება" ჩააგდებს და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, სავარაუდოდ, პარტიას დატოვებს. "კურიერის" ინფორმაციით, ბესელია მარტო არ წავა და მასთან ერთად ივანიშვილის გუნდს მინიმუმ სამი დეპუტატი დაემშვიდობება. 

მმართველი პარტიის ლიდერები, რომლებიც თანაგუნდელების ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ, ამბობენ, რომ კითხვები ბევრი აქვთ. ეს ის იშვიათი შემთხვევა იქნება, როდესაც სხდომებზე ოპონენტები ერთი პოლიტიკური გუნდის წევრები იქნებიან.

ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის ისტორიაში, როდესაც ბესელიას ინიციატივას ექნება ოპოზიციის გარანტირებული მხარდაჭერა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები