25 აპრილი 2024,   19:09
ვრცლად
ვთავაზობთ პარლამენტს რეალურად მოვაგვაროთ პრობლემები - ბესელიას გუნდი მოსამართლეების ინიციატივაზე უმრავლესობის მხარდაჭერას ელის

დაუჭერენ თუ არა მხარს ეკა ბესელიასა და კიდევ 8 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის გადავადების შესახებ? ესეც სავარაუდოდ დღევანდელ სესიაზე გაირკვევა. როგორც ცნობილია დოკუმენტს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ მათ კანონპროექტის ინიციატორებისგან ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხები. კანონპროექტის ავტორები კი ამბობენ, რომ თუ საკითხი ჩავარდება, საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. მათ მხარს უჭერს "ნაციონალური მოძრაობა." "ევროპულ საქართველოში" კი ფიქრობენ, რომ პროცესის გადავადებაზე მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში ძირეული ცვლილებები დროულად გატარდეს.

"ვთავაზობთ პარლამენტს რეალურად მოვაგვაროთ პრობლემები და გამოვიდეთ იმ ჩიხური მდგომარეობიდან, რაშიც ახლა ვიმყოფებით და ეს ჩიხი, უკვე გადადის ძალიან ღია კონფლიქტში, ერთმანეთს უკვე პროფესიის წარმომადგენლები უპირისპირდებიან, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რაც დრო გავა, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება სიტუაცია,"-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ბესელიას ინიციატივას მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადადებასთან დაკავშირებით მხარს დაუჭერენ და ეს არის პირველი აუცილებელი ნაბიჯი, რაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის უნდა გადაიდგას. 

​"პირველი აუცილებელი ნაბიჯი არის ამ პროცესის შეჩერება და მორატორიუმის გამოცხადება, ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ მშვიდად, მაგრამ არა ნელა, ამ სისტემის საკანონმდებლო რეფორმირებაზე ფიქრი,"-აცხადებს რომან გოცირიძე. 

რაც შეეხება უმრავლესობას, ისინი მათთან დაპირისპირებულ თანაგუნდელებს აკრიტიკებენ და ერთი წლის წინ, მოსამართლეების უვადოდ დამტკიცებაზე მიცემულ თანხმობას ახსენებენ. 

"კანონპროექტის ავტორებმა ვერ გასცეს პასუხი შეკითხვას არის თუ არა ეს კანონპროექტი სამართლიანი, ამასთან ერთად რამდენად სწორია, როდესაც თვითონ უშუალოდ ინიციატორები ერთი წლის წინ მხარს უჭერდნენ ამ ინიციატივას უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით და ერთი წლის თავზე გვეუბნებიან, რომ ეს პრინციპი თურმე ყოფილა პრობლემატური, თავის დროზე უნდა ყოფილიყო ამ საკითხზე მსჯელობა,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი

"ევროპული საქართველო" კი დღევანდელ სესიაზე საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივით წარსდგება. კანონპროექტი 2 ძირითად პუნქტს მოიცავს:პირველი ეს არის ე.წ. ჩინჩალაძის ჯგუფისთვის მოსამართლეების ერთპიროვნული შეფასების უფლების ჩამორთმევა და მეორე, პარლამენტში მოქმედი 3/4 სარეიტინგო კენჭისყრის საკითხი. "ევროპულ საქართველოში" თვლიან, რომ აღნიშნული პრინციპი უნდა შეიცვალოს და პარლამენტის ერთი ჯგუფი არ უნდა ამტკიცებდეს მოსამართლეებს. 

დღის ამბები