ვლადიმერ პუტინი შეერთებულ შტატებს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის დარღვევაში ადანაშაულებს. განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვისას გააკეთა.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი გამუდმებით არღვევს ყველა შეთანხმებას, რომელიც საშიში შეიარაღების აკრძალვას ეხება და თავის გამართლების მიზნით, დამნაშავედ რუსეთს წარმოაჩენს.
რუსეთის ლიდერმა დონალდ ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც საშუალო და მცირე ფრენის სიშორის რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან გასვლას ეხება.
პუტინმა ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებაც გაიხსენა და ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ რუსეთი ამჯერადაც იძულებული გახდება, საფრთხეს სარკისებურად უპასუხოს. საკუთარი მუქარა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიის შეიარაღების ჩამონათვალით გაამყარა.
„გვერდს ვერ ავუვლი შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. გეთანხმებით, 1987 წელს შეთანხმების გაფორმების შემდეგ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ბევრი ქვეყანა აგრძელებდა და დღესაც განაგრძობს ამ ტიპის შეიარაღების განვითარებას, მაგრამ რუსეთი და შეერთებული შტატები - არა.
ჩვენ ნებაყოფლობით შევზღუდეთ საკუთარი თავი. ამერიკელ პარტნიორებს პირდაპირ, გულწრფელად უნდა ეთქვათ, რომ შეთანხმებიდან ცალმხრივად გადიან და გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ მოგონილი ბრალდებებით არ უნდა დაესაბუთებინათ. 2002 წელს ხომ ასე მოიქცნენ. ღიად თქვეს, რომ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას განალაგებენ.
ახლა კი შეერთებული შტატები თავად არღვევს ყველაფერს და მერე თავს იმართლებს და დამნაშავეებს ასახელებს, თან საკუთარი სატელიტების მობილიზებას ახდენს. ისინი ფრთხილად, მაგრამ ამერიკელებს თავს აწონებენ,“ - აცხადებს პუტინი.