19 აპრილი 2024,   01:05
ვრცლად
"ვერავინ გამრიცხავს" - ბესელია ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს

ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს. საგანგებო აუდიენცია პარტიის თავმჯდომარესთან დღეს შუშის სასახლეში შედგა. მოლაპარაკება პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის და საგანგებო განცხადების შემდეგ დაიგეგმა.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ბესელიას კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადო გამწესების შეჩერებას გულისხმობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მხარს არ დაუჭერდნენ.

ვის მიუთითა კარისკენ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადებით და ვინ დატოვებს უმრავლესობის რიგებს, სავარაუდოდ, ხვალ გაირკვევა. სწორედ ხვალ უნდა ეყაროს კენჭი ეკა ბესელიას ინიცირებულ კანონპროექტს.

„დახურული შეხვედრების თაობაზე ნუ ვისაუბრებთ, არ არის ეს ისეთი თემა, რომელზეც საჭირო იყოს საჯაროდ საუბარი. არ მინდა ამ თემაზე საუბარი,“ - ამბობს ბესელია.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისაგან არასოდეს უგრძნია, რომ პარტიიდან მისი წასვლა სურდა. ბესელია ამბობს, რომ გადაწყვეტილებას კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ მიიღებს.

„მე ვერავინ გამრიცხავს, ასეთი საუბარი ჩემთან -  გაგრიცხავ და ა.შ. ამის უფლებას თავს არავინ აძლევს, ამის უფლება არ აქვსარც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პოლიტსაბჭოს წევრებს. ასეთი რამ არ უთქვამს პარტიის ლიდერსაც, პარტიის თავმჯდომარეს, არავინ მელაპარაკება მე ამ ტონით და ამ ფორმით,“ - ამბობს ეკა ბესელია.

დღის ამბები