მმართველი გუნდი შესაძლოა, რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს და „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგოს.
დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით და ასევე ეკა ბესელიას და უმრავლესობის კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის პროცესის გადავადების შესახებ.
მათი უმრავლესობაში დარჩენა სწორედ ამ კანონპროექტების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ბესელიას ინიციატივას მხარს არ დაუჭერს უმრავლესობა და ეს გუშინ გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგაც დადასტურდა.
სესიაზე განსახილველ საკითხებს პარლამენტის ბიუროზე ათანხმებენ.
„ქართული ოცნების“ წევრი, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ დღევანდელი კენჭისყრა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პროცესია. მისივე თქმით, „ოცნების“ პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადება პირდაპირ აჩვენებს, რომ მის კანონპროექტს დეპუტატების უმრავლესობა ხმას არ დაუჭერს.
„ეს იქნება პოლიტიკური კენჭისყრა და არა უფრო სამართლებრივი. ასე ჩანს, იმიტომ, რომ გუშინ პოლიტსაბჭოს განცხადებამ ეს ფონი შექმნა კენჭისყრის წინ, როდსაც განხილვამდე განცხადება კეთდება, რომ არ დავუჭერთ მხარს ამ ინიციატივას, ამ განხილვისთვის უკვე ეს ფონი შექმნილია. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს პოზიცია გამოჩნდა გუშინ და ამ ფონზე ხდება ახლა ეს კენჭისყრა,“ - ამბობს ბესელია.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ დღევანდელ სხდომაზე საკმარისი არგუმენტები აქვს იმისთვის, რომ დეპუტატები დაარწმუნოს და მათ მხარი დაუჭირონ მის კანონპროექტს.
„მე რეალისტურად ვუყურებ ამ პროცესს და ამ ცვლილებებს მაღალი ქვორუმი სჭირდება 76 ხმა მარტივი არ არის. თუ იმასაც შევხედავთ, რომ შუაგზაში "ევროპულმა საქართველომ" როგორ შეცვალა თავისი პოზიცია, დასაწყისში უჭერდნენ და ბოლოს აღარ დაუჭირეს, თუმცა, ესეც მათი გადასაწყვეტია. ამიტომ, არ ვიცი, იქნება თუ არა საკმარისი ხმა, მაგრამ მგონია, რომ მოიძებნებიან კოლეგები, ვინც ამ არგუმენტების მოსმენის შემდეგ, რის თქმასაც დღეს მე ვაპირებ და ვაპირებ კარგი და საინტერესო არგუმენტების გახმოვანებას, ვფიქრობ, რომ დაფიქრდებიან კენჭისყრის წინ ამ ერთი პროექტით მხოლოდ ამ ერთ პროექტს აძლევენ ხმას თუ უფრო მნიშვნელოვანს, რაც ამ პროექტის მიღმა დგას - ეს არის საზოგადოებასთან ღია კონფლიქტში შესვლა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.