20 აპრილი 2024,   02:05
ვრცლად
პოლიტიკურ დღის წესრიგს ჩვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გვკარნახობს - ეკა ბესელია თანაგუნდელებს აკრიტიკებს

„სასამართლო არ არის კორპორაცია, სასამართლო არ არის საკუთარი შპს, რომელსაც ისე უნდა უყურო, რომ მასში არავინ ჩაიხედოს,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ეკა ბესელია დღევანდელ სხდომაზე ცდილობს დაარწმუნოს დეპუტატები, რომ მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით გადადებას გულისხმობს, მხარი დაუჭირონ.

ეკა ბესელიამ საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უდგენს დღის წესრიგს.  

„ეს ინიციატივა, რომელსაც სწორედ ის განაცხადი აქვს, გადაიდგას ნაბიჯები, აღარ არის დრო დეკლარაციების, განცხადებების, რომ მივმართოთ კომისიებს, საერთაშორისო პარტნიორებს, ყველამ ყველაფერი გვითხრა უკვე. გვითხრეს, რაზეც გვინდოდა, რომ პასუხი მიგვეღო. გვითხრეს, რომ არის რეფორმების დრო, გვითხრეს, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ გამწესება. ეს ითქვა დახურულ შეხვედრაზეც, მეოთხე ეტაპის რეფორმაზე ვმუშაობდით და ჩვენმა ერთ-ერთმა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელმა გააკეთა ეს განცხადება და მე მახსოვს, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე დაეთანხმა ამ იდეას და მანაც თქვა, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. მაგრამ ეს არ შეისმინა საბჭომ, რომელსაც ეს ეხებოდა, იმიტომ, რომ მას აქვს თავისი ინტერესები, მას აქვს თავისი დღის წესრიგი და სასამართლო არ არის კორპორაცია, არ არის საკუთარი შპს, რომელსაც ისე უნდა უყურო, რომ მასში არავინ ჩაიხედოს ეს არის საქართველოს მართლმსაჯულება, რომელიც არის ყველასთვის...

„პოლიტიკურ დღის წესრიგს ჩვენ საბჭო გვკარნახობს და მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფი, რაც მე მგონია, არის ძალიან სახიფათო, რაც საფრთხეს უქმნის სამართლიანობის იდეას და საფრთხეს უქმნის სასამართლო რეფორმას და საფრთხეს უქმნის მმართველ პარტიას, იმიტომ, რომ მისი ნდობის საკითხი დევს სასწორზე,“ - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ დეპუტატებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ სასამართლო სისტემაში პრობლემები ჯერ კიდევ არსებობდა. ბესელიას თქმით, ბოლო პერიოდში დარღვევები თვალსაჩინო გახდა, როდესაც მოსამართლეები უვადოდ მოსაცდელი ვადის დასრულებამდე განამწესეს. 

დღის ამბები