25 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე - სებ-ი სამეთვალყურეო საბჭოდან ხაზარაძე-ჯაფარიძის გაწვევაზე საუბრობს

თიბისი ბანკის გადაწყვეტილებას, რომ რესტრუქტურიზაციის შემდეგ, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში დამფუძნებლები აღარ იქნებიან, ეროვნული ბანკი მიესალმება.

თიბისი ბანკის და ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში შექმნილ სიტუაციაზეა საუბარი.

ეროვნული ბანკის განცხადებით, მსგავსი ნაბიჯი თიბისის გამჭვირვალობაზე დადებითად აისახება და ინვესტორთა მხრიდან ნდობას გაზრდის.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც ბანკის, ასევე ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებაზე.

"ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტითა და სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრებით. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს  ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს.

"ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, მისი საზედამხედველო ყურადღების საგანს წარმოადგენდა ინტერესთა კონფლიქტის რისკები და ასევე, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. ეროვნული ბანკი, თავის უფლებამოსილების ფარგლებში, აგრძელებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს,“ - წერია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების ბოლოს ეროვნული ბანკი და თიბისი ბანკი მხარეებს რაიმე სახის სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები