19 აპრილი 2024,   10:48
ვრცლად
ეკა ბესელიას კანონპროექტს საპარლამენტო ოპოზიციის სრული შემადგენლობა და უმრავლესობის წევრთა ნაწილი მხარს უჭერს 

არ არის გამორიცხული ეკა ბესელიას კანონპროექტმა, რომელიც მოსამართლეთა უვადო გამწესების ხუთი წლით შეჩერებას გულისხმობს, მხარდაჭერა მოიპოვოს.

იმის მიუხედავად, რომ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ბესელიას და გუნდთან დაპირისპირებული დეპუტატები მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ, უმრავლესობის რიგებში აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც ბესელიას მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა.

კანონპროექტზე ერთ-ერთი ხელმომწერი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კობა ნარჩემაშვილი ამბობს,რომ მისთვის გაუგებარია რატომ არის სასამართლოში წარმოდგენილი მხოლოდ 287 მოსამართლე, როცა დამატებით კიდევ 60 მოსამართლის ვაკანსიაა არსებობს.

„რატომ ვერ ახერხებს იუსტიციის საბჭო, თუკი ასეთი კოლაფსია შექმნილი ამ ვაკანსიების ათვისებას?“-ამბობს კობა ნარჩემაშვილი.

მოსამართლეთა უვადო დანიშვნის წინააღმდეგია პარლამენტის უხუცესი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რევაზ არველაძე. მისთვის მიუღებელია, უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილის განმარტება,რომ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მოსამართლეთა რაოდენობა შემცირდება.

„თქვენ ბრძანეთ, რომ 2030 წლისთვის 100 მოსამართლით შემცირდებაო, დავიჯერო სუპერ იურისტები სხედხართ აქ და ვერ მოიფიქრებთ რაიმე ნორმა, რომ არ შემცირდეს?“-მიმართავს არველაძე დეპუტატებს.  

დღეს „პატრიოტთა ალიანსიდან" რამდენიმე განცხადება გაკეთდა, პარტიის წევრმა გიორგი ლომიამ განაცხადა, რომ თუკი წინა ხელისუფლების დროს მოქმედი მოსამართლეები არ დააკავეს, ისინი არათუ უვადოდ გამწესებული, როგორც მინიმუმ სასამართლოდან გათავისუფლებულები უნდა იყვნენ. კანონპროექტის კენჭისყრამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, კენჭისყრის შემდეგ ეკა ბესელია და მისი მხარდამჭერები მიიღებენ გადაწყვეტილებას, დატოვებენ თუ დარჩებიან გუნდში.

დღის ამბები