21 მაისი 2019,   17:46
ვრცლად
ერთპიროვნული მმართველობა და საკმაოდ არადემოკრატიული მმართველობა დამკვიდრდა Freedom House-ში - გიორგი ვოლსკი

Freedom House-ის დასკვნა და კრიტიკული შენიშვნები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით - საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშს მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებას Freedom House-ის ანგარიში ადეკვატურად ასახავს.

„ეს ანგარიში არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენთვის, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ის საგარეო პოლიტიკური ამოცანები, რაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს - ევროკაშირში და ნატო-ში გაწევრიანება, მსგავსი ანგარიშების პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერანაირ პროგრესს, ვერც ნატო-ში, ვერც ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით ვერ მივაღწევთ და რეალურად, ქვეყანა გაიყინება იქ, სადაც დღეს არის დიდი ხნით,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი Freedom House-ს აღნიშნული ანგარიშის გამო აკრიტიკებენ. გია ვოლსკი ამბობს, რომ ფრიდონ ჰაუსის ანგარიში სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნებთან წინააღმდეგობაში მოდის თუმცა, დეპუტატი თავს იკავებს აღნიშნული ავტორიტეტული ორგანიზაციების დასახელებისგან.

„ერთპიროვნული მმართველობა და საკმაოდ არადემოკრატიული მმართველობა დამკვიდრდა Freedom House-ში, როდესაც ერთი ან ორი ადამიანი წყვეტს შინაარსს მოხსენების, რომელიც პრინციპულად და ყველა ასპექტით უპირისპირდება საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნებს. დემოკრატიულობის ხარისხთან დაკავშირებით, სასამართლოს, ბიზნესის დამოუკიდებლობასთან და შესაძლებლობებთან, კრიმინალთან ბრძოლის და სხვა მრავალ საკითხებში,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

Freedom House-ის ანგარიშში დიდი ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებს ეთმობა, რომლის მიხედვით პროცესს ჩრდილი მიაყენა ბრალდებებმა ხმების მოსყიდვაზე, უმეტესად მმართველი პარტიის მიერ.

საუბარია ასევე გავრცელებულ ცნობებზე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ აქტივისტების სიებით მორიგეობის შესახებ, რაც ქმნიდა დაშინების გარემოს.

ანგარიშში საუბარია ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე - მის გავლენებზე, ფინანსურ და ბიზნეს ინტერესებთან კავშირში.

დღის ამბები