20 აპრილი 2024,   06:57
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელება "ქართულ ოცნებაში" - ბესელია უმრავლესობის იმ ნაწილზე საუბრობს, ვინც მას მხარი არ დაუჭირა

"ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელება "ქართულ ოცნებაში" - ასე აფასებს ეკა ბესელია უმრავლესობის იმ ნაწილს, რომელმაც გუშინ კენჭისყრაზე მისი ინიციატივა არ გაიზიარა. ბესელიას თქმით, იგი ბრძოლას აგრძელებს და დეტალებს უახლოეს მომავალში გააჟღერებს

"ეს არის აბსოლუტური ლუსტრირება ვინ არის დღეს "ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელება "ქართულ ოცნებაში." ჩემთვის ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა, ამას მე გულისტკივილით ვლაპარაკობ, ამიტომ  მე ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ, ვიტყვი 12:00 საათზე ბრიფინგზე. მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ, როგორ გავაგრძელებ, ვისთან ერთად, ამაზე ვისაუბრებ ბრიფინგზე,"-აცხადებს ეკა ბესელია. 

უმრავლესობა გუშინვე დატოვა ბესელიას თანამოაზრემ ლევან გოგიჩაიშვილმა, რომელიც აცხადებს რომ მისთვის მიუღებელია იმ გუნდში ყოფნა, სადაც მორალური ზღვარი წაშლილია.

"მორალური ზღვარი წაიშალა ჩემთვის და პრინციპულად მიუღებელია ის ფორმულა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ისინი ცუდები იყვნენ და ესენი არიან კარგები და ამ ფორმულას დაუჭირა უმრავლესობამ მხარი და ეს ჩემთვის არის მიუღებელი. ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში ჩემი ბოლო გამოსვლა ტრიბუნაზე,"-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

ბესელიას გუნდში მყოფი კიდევ ერთი დეპუტატი გედევან ფოფხაძე კი აცხადებს, რომ მან საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად უნდა გააანალიზოს გუშინდელი კენჭისყრის პროცესი და გადაწყვეტილებას უმრავლესობის დატოვების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

უმრავლესობა კი საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ მათი გუნდი სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პრინციპით ხელმძღვანელობს, რაშიც ბესელიას ინიციატივა არ მოიაზრება.

"ჩვენი საზოგადოების დაკვეთა არის სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა და არა უსამართლო სამართლებრივი სახელმწიფოს საწინააღმდეგო კანონების მიღება. უმრავლესობა იქნება მყარი, "ქართული ოცნება" გააგრძელებს კიდევ უფრო მყარად თავის საქმიანობას ჩვენი საზოგადოების ინტერესების საკეთილდღეოდ, შესაბამისად თუკი ვინმე არ არის თანაზიარი ქართული ოცნებისა, ეს მათი გადასაწყვეტია,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ბესელიას ინიციატივა სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით შეჩერებას ითვალისწინებდა. გუშინდელ სხდომაზე მან მკაცრად გააკრიტიკა კოლეგები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენის ქვეშ მოქცევაში დაადანაშაულა. ბესელიას ინიციატივას მხარს ოპოზიცია სრული შემადგენლობით და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი უჭერდა მხარს.

დღის ამბები