25 აპრილი 2024,   08:35
ვრცლად
58 წლის მამაკაცმა ოკუპანტების საგუშაგოზე ინსულტი მიიღო და მოგვიანებით გარდაიცვალა

რუსი ოკუპანტების სისასტიკის კიდევ ერთი ფაქტი - ჯუმბერ გოგოხიამ ინსულტი რუს სამხედროებთან შელაპარაკების დროს მიიღო. მან გონება ოკუპანტების საგუშაგოზე დაკარგა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძახეს რუსმა სამხედროებმა გალიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფი.

58 წლის ჯუმბერ გოგოხია უგონო მდგომარეობაში გალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზუგდიდში მისი გადაყვანა დაგვიანდა, რეანიმაციაში მოთავსების შემდეგ კი ერთ კვირაში გარდაიცვალა.

„პირველად მისულა ის შტაბში იქ რუსებთან, იმათ უთქვამთ, რომ შენ როგორც ასე ექიმთან მიდიხარო და გაგატარებენო, ამის იმედითაა წამოსული აქედან. ალბათ, არ გამოატარეს თორემ, რომ გამოეტარებინათ, მაშინ არ იქნებოდა სავალალო მდგომარეობა, ალბათ, ინერვიულა და მერე წაუყვანიათ გალში,“ - აცხადებს გარდაცვლილის სიძე, გურამ სუფალოღლი.

ექიმის განმარტებით, პაციენტს ყველა საჭირო კვლევა კლინიკაში ჩაუტარდა, თუმცა შესაბამისი მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, მიუხედავად ამისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,“ - განაცხადა ექიმმა, ეკა მალანიამ.

დღის ამბები