19 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
"ბექა არ იქნება ბოლო... მხოლოდ მდინარაძისნაირ ადამიანებს არ ექნებათ პროტესტი" - ეკა ბესელია

"ბექა არ იქნება ბოლო" - ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობიდან  ბექა ნაცვლიშვილის წასვლას ეხმაურება. მისი თქმით, მას არ უკვირს, რომ ბექა ნაცვლიშვილს პროტესტი აქვს, რადგან ის ყველანაირ სიტუაციასა და დროს არ ერგება.

„მდინარაძისნაირ ადამიანებს არ ექნებათ ეს პროტესტი. ისინი ერგებიან ყველანაირ სიტუაციას, ყველა დროს... ბექას რომ პროტესტი აქვს. ეს მე არ მიკვირს. ახლა ჩანს ჯანსაღი პროცესი. ჩვენ მომავალში ვხედავთ სწორედ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, გარკვეულ თემატურ სამუშაო პროცესს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება,“ - ამბობს ეკა ბესელია.

ბესელიას თანაგუნდელი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ბექა ნაცვლიშვილი პრინციპული ადამიანია და მისი გადაწყვეტილება დასაფასებელია.

„ბექა არ არის ის ადამიანი, რომელსაც კონიუქტურა შეჭამს,“ - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის მიერ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო.

მანამდე კი საპარლამენტო უმრავლესობა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვეს."ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა, რადგან 115 დეპუტატიდან 112 დეპუტატი დარჩა, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საკმარისი არ არის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები