19 აპრილი 2024,   07:15
ვრცლად
სისხლიანი ანგარიშსწორება ვერცხლის ქუჩაზე - "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტია. ზვიად ჯაფარიძე მეზობლებს შორის სარემონტო სამუშაოებისას დაწყებული დაპირისპირების გამო ჩაცხრილეს, თუმცა თავად ჯაფარიძე კონფლიქტის უშუალო მონაწილე არ ყოფილა.

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმის მასალები ადვოკატებს უკვე ჩაბარდათ. პოლიციის მოპოვებული მტკიცებულებებით კონფლიქტი მეზობლებს - ბესო ბიძინაშვილსა და ზაზა სიხარულიძეს შორის დიუმას 29-ში, სიხარულიძის სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო დაიწყო.

გამოძიების ერთ-ერთი მოწმე სამუშაოებზე დასაქმებული პირია, რომლის მონათხრობით რემონტით გამოწვეული ხმაური კედლის იქით მცხოვრებ ბიძინაშვილებს აწუხებდათ. სიტუაცია კი იანვრის ბოლოს გამწვავდა, როცა ბიძინაშვილმა სიხარულიძის მუშას სცემა.

სავარაუდოდ, სწორედ მუშების ცემა გახდა მეზობლების უთანხმოების მიზეზი, რომლის მოგვარებაც ზვიად ჯაფარიძეს სურდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაფარიძეს დახმარება მეგობარმა ზაზა სიხარულიძემ სთხოვა, რადგან მას ბიძინაშვილებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. საუბარი მხარეებს შორის, რომელსაც ზაზა სიხარულიძის, ზვიად ჯაფარიძის და ძმები ბიძინაშვილების გარდა მათი თანმხლები პირებიც ესწრებოდნენ, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზაზა სიხარულიძის ძმისშვილმა, ლაშამ ბესო ბიძინაშვილი დაჭრა, ამ უკანასკნელის ძმამ კი იარაღიდან რამდენიმე საპასუხო გასროლისას ზვიად ჯაფარიძე მოკლა.

ალექსანდრე ბიძინაშვილს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. ზაზა და ლაშა სიხარულიძეებს და მათ მეგობრებს კი ბრალი დღეს წარუდგინეს. უმეტესობას დანაშაულის შეუტყობინებლობასა და დაფარვას ედავებიან.

ლაშა სიხარულიძეს გამოძიება ბესო ბიძინაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებაში ადანაშაულებს.

ხუთივე დაკავებულის საქმე უკვე სასამართლოშია. პროკურატურა ყველას მიმართ პატიმრობას ითხოვს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ხვალ დილით დანიშნულ სხდომაზე მიიღებს.

დღის ამბები