24 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
კახეთში 42 ოჯახი მერაბ მენთეშაშვილს უპირისპირდება და მათი ქონების მითვისებაში ადანაშაულებს

42 დაზარალებული ოჯახი მერაბ მენთეშაშვილის წინააღმდეგ - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები საკუთარი სახლების დაკარგვის საფრთხის ქვეშ დგანან.

ქვემო მაჩხაანში მცხოვრები მერაბ მენთეშაშვილის დედამ „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ტერიტორიის დატოვება კატეგორიულად მოსთხოვა. სწორედ მენთეშაშვილს ადანაშაულებს 42 ოჯახი მათი ქონების თაღლითობით მითვისებაში. მენთეშაშვილის დედა ბრალდებებს უარყოფს.

სოფელ საქობოს მცხოვრები კახი ჯიბღაშვილი ყვება, რომ მერაბ მენთეშაშვილმა საკუთარი სახლი ბანკში ჩაადებინა, სანაცვლოდ კი 4 ათას ლარს დაპირდა. კრედიტი ვერ გადაიხადა და ჯიბღაშვილს გადავადების გაფორმება სთხოვა. თანხმობის შემდეგ კი სხვა საბუთები შეაპარა და დამატებით 25 ათასი დოლარი აიღო.

კახი ჯიბღაშვილი ამბობს, რომ თაღლითი მარტო არ მოქმედებდა და დედოფლისწყაროში „ტერაბანკის“ ფილიალის მმართველი, მიხეილ მირიანაშვილი მასთან შეკრული იყო. თაღლითობის შესახებ კახი ჯიბღაშვილმა მას შემდეგ გაიგო, რაც ბანკიდან sms შეტყობინება მიიღო პროცენტის გადახდის მოთხოვნის შესახებ. 

სოფელში მენთეშაშვილის დაუსჯელობის მიზეზებზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ მენთეშაშვილს და მის გუნდს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი მფარველობს.

ადგილობრივების თქმით, მერაბ მენთეშაშვლმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა მოტყუება 2012 წლიდან დაიწყო. დაზარალებულებმა ადვოკატი აიყვანეს და საჭირო მტკიცებულებებიც შეაგროვეს, თუმცა საქმე დღემდე ადგილიდან არ იძვრის.

"ტერაბანკის" დედოფლისწყაროს ფილიალის მმართველი რამდენიმე წლის წინ შეიცვალა. როგორც დაზარალებულები ამბობბენ, მან საქართველო დატოვა. ახალ მმართველს კი მისი წინამორბედის საქმიანობაზე საუბარი არ სურს.

„კურიერთან“ კომენტარი არ გააკეთა თაღლითობაში დადანაშაულებულმა მერაბ მენთეშაშვილმა. 

 

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები