20 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
"პოლიტიკური სპექტაკლი" - ირაკლი კობახიძე გიორგი მშვენიერაძეს აკრიტიკებს და არასამთავრობო სექტორზე თავდასხმის მორიგ რაუნდს იწყებს

პარალმენტის თავმჯდომარე თავდასხმის მორიგ რაუნდს იწყებს არასამთავრობო სექტორის მიმართ. ირაკლი კობახიძე ასევე არ გრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თანაგუნდელების წინაშე.

ირაკლი კობახიძე ისევ მესამე სექტორის წევრებს აკრიტიკებს. პარლამენტის თავმჯდომარის ეს რეაქცია გუშინდელ შეხვედრას მოჰყვა, როცა არასამთავრობოების ნაწილმა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ, გუშინდელი ბოიკოტით პოლიტიკური სპექტაკლი დადგა.

კობახიძე გიორგი მშვენიერაძეს ნაციონალურ მოძრაობასთან აიგივებს და ამბობს, რომ საარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ კამპანიაში იყო ჩართული.

„ეს არის ის გიორგი მშვენიერაძე, რომელიც იყო პირდაპირ ჩართული, მაგალითად, წინასაარჩევნო კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ამ ადამიანის და შესაბამისად, ამ ძალების პოლიტიკური ინტერესი არის თვალსაჩინო, ისინი იბრძოდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ისინი იბრძვიან კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. მე შეგახსენებთ, რომ ვიდრე გააკეთებდა განცხადებას ბატონი გიორგი სხდომის დატოვების თაობაზე, მას უკვე დილას ჰქონდა გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მოგვიანებით დატოვებდა სხდომას, არა პირდაპირი ფორმით, მაგრამ ის მოუწოდებდა ასევე სხვა მხარეებს, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ სამუშაო პროცესში. ეს არის ბუნებრივი პოლიტიკური სპექტაკლი და როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, ბუნებრივია, არ უნდა მონაწილეობდე პოლიტიკურ სპექტაკლებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების ჩამოსაყალიბებლად მიმდინარეობს მსჯელობა.

„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ გავწეროთ მკაფიო პროცედურა და კრიტერიუმები და ეს იქნება უზრუნველყოფილი ჩვენ მიერ და საბოლოო ჯამში, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, როგორიც არის ქვეყნის ინტერესების და არა გიორგი მშვენიერაძის და ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდის პოზიციას მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით სრულად იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი.

„ჩვენ ვმუშაობთ კრიტერიუმებზე, ამ კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს მოსამართლეების დანიშვნის საკითხი. ამის გარეშე არ შეიძლება, 2024 წლამდე გააჩერო ეს დანიშვნა, ვინაიდან სასამარლოს პიროვნულ შემადგენლობაზე კი არა, ზოგადად სასამართლო სისტემაზე მოქმედებს ძალიან უარყოფითად, მით უმეტეს, პრაქტიკულად განახევრებას იწვევს მისი წევრების. ასე რომ, არსებობს გარკვეული სახელმწიფო ინტერესები და ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია ამ შემთხვევაში მართებულია,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები