24 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
"რასაც აკეთებს ბატონი კობახიძე, ეს არის კლანისთვის მანტიების შეკერვა" - გიორგი ონიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მესამე სექტორზე განხორციელებულ მორიგ თავდასხმას და ბრალდებებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი, ეხმაურება.

ონიანის თქმით, პირველად არ ხდება არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა. თუმცა, ის ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები უარყოფითად აისახება თავად ხელისუფლებაზე.

„რაც შეეხება ჩვენზე შეტევებს და შემდეგ იმის განცხადებებს, რომ ჩვენ, თურმე, პოლიტიკურად მიკერძოებული ვართ, ეს პირველად არ ხდება და სამწუხაროდ, ვერც გამოაქვთ დასკვნები იმიტომ, რომ არაერთხელ შემოუტრიალდათ მათვე ეს უარყოფითად,“ - განაცხადა ონიანმა.

გიორგი ონიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით სამუშაო ჯგუფის შეხვედრებსაც ეხმაურება, სადაც დეპუტატების, მოსამართლეების, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას.

ონიანი ამბობს, რომ რეალურად ეს პროცესი მოსამართლეებისთვის „მანტიების შეკერვას“ ემსახურება.

„რეალურად რაც იქ ხდება და რასაც აკეთებს ბატონი კობახიძე, ეს არის კლანისთვის მანტიების შეკერვა. ამ ყველაფერს აკვირდება შიგნიდან და არა გარედან საერთაშორისო საზოგადოება, რომლებიც ასევე იღებენ მონაწილეობას და მათი შეფასებაც, მგონი, ადეკვატური იქნება,“ - განაცხადა გიორგი ონიანმა.

დღის ამბები